„საშიში დედა“: ქართველი კინორეჟისორის სადებიუტო ფილმი ლოკარნოში მიემგზავრება

© photo: Scary Mother / FBკადრი ფილმიდან საშიში დედა
კადრი ფილმიდან საშიში დედა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ანა ურუშაძის ფილმი მოგვითხრობს ქართველი დიასახლისის ცხოვრების ისტორიას, რომელიც დილემის წინაშე დგას: რა აირჩიოს - ოჯახი თუ მწერლობა.

თბილისი, 13 ივლისი — Sputnik. ახალგაზრდა ქართველი რეჟისორის ანა ურუშაძის სადებიუტო ფილმი „საშიში დედა“ (Scary Mother) ლოკარნოს 70-ე საერთაშორისო კინოფესტივალის პროგრამაში შევიდა.

როგორც საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნულ ცენტრში იუწყებიან, რომ ურუშაძის ფილმი ფესტივალის საკონკურსო პროგრამაში მოხვდა, რომელიც შვეიცარიაში 2017 წლის 2-12 აგვისტოს გაიმართება.

ანა ურუშაძე — ცნობილი ქართველი რეჟისორის და „ოსკარის“ ნომინანტის (ფილმი „მანდარინები“) ზაზა ურუშაძის ქალიშვილია. დაიბადა 1990 წელს. 2013 წელს დაამთავრა  შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. სრულმეტრაჟიან დებიუტამდე ანა ურუშაძემ ორი მოკლემეტრაჟიანი ფილმი გადაიღო.

ფილმი დედე - Sputnik საქართველო
გამარჯვება კარლოვი ვარში: ქართულმა ფილმმა "დედე" ჟიურის პრიზი დაიმსახურა

დრამა „საშიში დედა“ 50 წლის ქართველი დედის, დიასახლის  მანანას ცხოვრებას აღწერს. ქალი დილემის წინაშე დგას, მას უწევს არჩევანი გააკეთოს ოჯახურ ცხოვრებასა და მწერლობის ვნებიან გატაცებას შორის, რომელსაც ის თავის თავში წლების განმავლობაში იკლავდა  და რომელშიც თავისი ცხოვრების აზრს პოულობს. მანანა გადაწყვეტს გადაეშვას ამ ვნებაში, მთლიანად დაიხარჯოს მასში — გონებრივადაც და ფიზიკურადაც.

ფილმი ეხება სტერეოტიპების, მორალური ნორმებისა და სოციალური პასუხისმგებლობის თემას.

კადრი ფილმიდან დინოლა - Sputnik საქართველო
ფილმი სვანური მკაცრი ტრადიციების შესახებ ერაყში საუკეთესოდ აღიარეს

დრამაში „საშიში დედა“ მთავარი როლი შეასრულა ნატო მურვანიძემ. ფილმში ასევე მონაწილეობენ დიმიტრი ტატიშვილი, რამაზ იოსელიანი და ავთანდილ მახარაძე.

ანა ურუშაძის პირველი ფილმი ეროვნული კინოცენტრის  კონკურსის გამარჯვებული პროექტია — პროექტმა სახელმწიფო სუბსიდია 2016 წელს მიიღო. ფილმის პროდიუსერები საქართველოდან არიან ლაშა ხალვაში (სტუდია „არტიზმი“), თინათინ ყაჯრიშვილი (სტუდია „ჯემინი“) და ივო ფელტი (Studio Allfilms) ესტონეთიდან.

ლოკარნოს კინოფესტივალზე ურუშაძის „საშიში დედის“ მსოფლიო პრემიერა გაიმართება.

ლოკარნოს საერთაშორისო კინოფესტივალი შვეიცარიის ქალაქ ლოკარნოში 1946 წლიდან ყოველწლიურად იმართება და კანის, ვენეციისა და ბერლინის შემდეგ თავისი მნიშვნელობით ევროპის მეოთხე კინოფესტივალად მიიჩნევა. 

ის ცნობილია როგორც აღმოჩენების ფესტივალი, რადგან მრავალი კინორეჟისორის თუ მსახიობის წარმატებული კარიერა სწორედ ლოკარნოში დაიწყო, მათ შორის არიან — კლოდ შაბროლი, სტენლი კუბრიკი, პოლ ვერხოვენი, მილოშ ფორმანი, მარკო ბელოკიო და სხვები.


ყველა ახალი ამბავი
0