სამ დღეში, 14 ივლისს ანაკლიაში ელექტრონული მუსიკის ქართული ფესტივალი GEM Fest 2017 იწყება.
გარდა იმისა, რომ ფესტივალი მთელი მსოფლიოს კლუბური მუსიკის სახელოვან ვარსკვლავებს შეკრებს, ღონისძიების ორგანიზატორები სხვადასხვა ქვეყნიდან ათიათასობით სტუმარს ელოდებიან. ამიტომ "Sputnik-საქართველო" GEM Fest-ის წესებსა და იმაზე მოგიყვებათ, თუ როგორ უნდა მოიქცეთ ფესტივალზე.
რა იკრძალება GEM Fest 2017-ზე
მიუხედავად იმისა, რომ ფესტივალ GEM Fest-ის ტერიტორია — ეს თავისუფლება, კაშკაშა ემოციები, დასვენება და ზღვა სიხარულია, უცნაური იქნებოდა, რომ ასეთი მასშტაბის ღონისძიებას თავისი წესები არ ჰქონოდა.
შესაბამისად, გაითვალისწინეთ, რომ ფესტივალზე აკრძალულია: დრონები ან სხვა მართვადი საფრენი აპარატები; ფოიერვერკები და ასაფეთქებლები; სარეკლამო ფლაერები, ბროშურები და სხვა ნებისმიერი სარეკლამო პროდუქცია; იარაღი და ამუნიცია; დანები, ბასრი და წვეტიანი საგნები; საჭმლისა და სასმელის შეტანა; შინაური და გარეული ცხოველები (სამსახურებრივის გარდა); კარვები და საძილე ტომრები; დიდი ქოლგები და სკამები; ველოსიპედები, სკუტერები, მოტორიზებული ტრანსპორტი; ლაზერული კალმები, ლაზერული მანიშნებლები და ანალოგიური სანათი მოწყობილობები; პროფესიული ფოტო-, კინო- და ვიდეოკამერები.
GEM Fest-ზე აკრძალულია ჯგუფური ჩხუბი, შეხლა-შემოხლა, შეჯახებები, კრაუდ-სერფინგი (ხალხში ადამიანის ხელით ტარება), სტეიჯ-დაივინგი (სცენიდან ხალხში ჩახტომა); არალეგალური ნივთიერებები და ნარკოტიკები; გახსნილი და რეცეპტის გარეშე გაცემული მედიკამენტები და თვალის წვეთები; მუსიკალური ინსტრუმენტები, სხვადასხვა სასტვენები, საყვირები და ა.შ.; აალებადი საგნები, სითხეები და აეროზოლები (აეროზოლები დაშვებულია მხოლოდ კემპინგში); მათარები, ტიკები და სხვა რბილი ჭურჭელი სითხისთვის და მინის ბოთლები.
რა არის ნებადართული GEM Fest 2017-ზე
მაგრამ არ იფიქროთ, რომ GEM Fest-ზე ყველაფერი ასეთი მკაცრი და შეზღუდულია. ფესტივალზე თან შეგიძლიათ წაიღოთ: საბავშვო ეტლები; საშუალო ზომის ზურგჩანთები; ყურსასმენები, ყურის ხმაურისგან დამცავები; ილუმინაციები, მანათობელი სამკაულები და სამოსი; არაპროფესიული ფოტო-, კინო- და ვიდეოკამერები; GoPro-ს ტიპის "ექშენ" კამერები, აგრეთვე დროშები ტარის გარეშე (კორპორატიული და ბრენდული ნიშნების გარეშე).
GEM Fest 2017-ის ზოგადი წესები
და, ბოლოს, გთავაზობთ GEM Fest 2017-ის ზოგად წესებს — ექსკლუზიურად ფესტივალის ორგანიზატორებისგან. მათი დაცვა აუცილებელი არ არის, თუმცა მიზანშეწონილია, რათა ფესტივალზე თქვენი ყოფნა იყოს კომფორტული, მსუბუქი, მხიარული და, რაც მთავარია, დაუვიწყარი.
წესებისა და რეკომენდაციების ნუსხა: მხოლოდ მოხერხებული ფეხსაცმელი ქვიშაზე და ქვებზე სასიარულოდ; მხოლოდ პოზიტიური განწყობა; კარვების ქალაქში სხვის ძილს პატივი ეცით; გადაიღეთ ბევრი ფოტო და გაუზიარეთ ისინი; გაიჩინეთ ახალი მეგობრები; ნაკლები იარეთ და მეტი იცეკვეთ; დაიცავით სისუფთავე; სასწაულების გჯეროდეთ; ყოველთვის თან ატარეთ ფესტივალის ბილეთი; თქვენ ირგვლივ მყოფთ და გარემოს პატივი ეცით; გაიღიმეთ; დღითიდღე უფრო ჭკვიანი გახდით; მოერიდეთ "სპაისს" (ბიოს) — ის კლავს!; მოდუნებას პასუხისგებით მოეკიდეთ; თქვენსა და თქვენი მეგობრების ნივთებს ყურადღება მიაქციეთ; თქვენი ბნელი მხარე ფესტივალის გარეთ დატოვეთ; გამოიყენეთ მზისგან დამცავი საცხი (რაც შეძლება მეტი საცხი!).
ერთი სიტყვით, ვინც გაფრთხილებულია — ის შეიარაღებულია. მადლობა ყურადღებისთვის და GEM FEST 2017-ზე სასიამოვნო დასვენებას გისურვებთ!