თბილისი, 27 ივნისი — Sputnik. ელექტრონული მუსიკის ქართული ფესტივალი GEM Fest 2017 წელს დსთ-ის ქვეყნებისა და საქართველოს საზაფხულო მუსიკალური მოვლენების ლიდერად დასახელდა.
დსთ-ის ქვეყნებისა და საქართველოს 2017 წლის საზაფხულო სეზონის ყველაზე პოპულარული მუსიკალური ფესტივალების რეიტინგი ანალიტიკურმა სააგენტომ "ტურსტატმა" შეადგინა. სია შედგენილია ფესტივალების ორგანიზატორების მონაცემების ანალიზის შედეგების მიხედვით.
ანალიზის შედეგად ახლო საზღვარგარეთის open-air მოვლენების რეიტინგში შევიდა საქართველოს, ბელარუსის, აზერბაიჯანის, ყაზახეთისა და სომხეთის მუსიკალური ფესტივალები.
სიის სათავეშია საქართველო და ანაკლიის ფესტივალი, რომელიც 14 ივლისიდან 14 აგვისტოს ჩათვლით პერიოდში გაიმართება. შემდეგ მოდის მინსკის ფესტივალი Рок за Бобров (22 ივლისი), ბაქოს ფესტივალი Жара (27-30 ივლისი), ალმათის FourЭ (18-24 აგვისტო) და EPIC Rock Fest სომხეთის ქალაქ წაღკაძორში (12-13 აგვისტო).
ყველაზე პოპულარული რუსული მუსიკალური open-air ფესტივალების პირველი ათეულის სათავეშია როკ-ფესტივალი Нашествие (ტვერის ოლქი).
ელექტრონული მუსიკის ფესტივალი GEM Fest 2017 ანაკლიაში გაიმართება. GEM Fest 2017-ში მონაწილეობას მიიღებენ ისეთი ცნობილი დიჯეები, როგორებიც არიან Dubfire (14 ივლისი), Ferry Corstein (15 ივლისი), Steve Aoki (16 ივლისი), Martin Garrix (21 ივლისი) და Paul Kalkbrenner (13 აგვისტო).
გასულ წელს GEM Fest-ს 30 000-ზე მეტი ადამიანი დაესწრო.
ანაკლიაში ჩასვლა შესაძლებელია ქუთაისიდან (90 კმ), ბათუმიდან (120 კმ) და თბილისიდან (340 კმ) ავტობუსით ან მატარებლით.