თბილისი, 10 ივლისი — Sputnik. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო აშშ-სგან M-240 ტიპის ტყვიამფრქვევების და M4 ტიპის ავტომატური შაშხანების შეძენას აპირებს, იუწყება საინფორმაციო სააგენტო Новости-Грузия სამინისტროს პრეს-სამსახურზე დაყრდნობით.
უწყების მონაცემებით, იარაღის შესყიდვა მიმდინარეობს ქართული ჯარის ნატოს სტანდარტებზე გადასვლის და „საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის" ფარგლებში, რომელიც მიმდინარე წელს ამოქმედდა. შესასყიდი პროდუქციის ზუსტი რაოდენობა მითითებული არ არის.
„ორმხრივი სამხედრო თანამშრომლობის ფარგლებში საქართველოს თავდაცვითი უნარიანობის ამაღლების მიზნით ამერიკის მთავრობა ყოველწლიურად ფინანსურ დახმარებას გამოყოფს. სამხედრო დანიშნულების ქონების შეძენა სწორედ ამ დახმარების ფარგლებში მიმდინარეობს", — მოჰყავს სააგენტოს სამინისტროს პრეს-სამსახურის თანამშრომლის სიტყვები.
მიმდინარე წლის მაისში საქართველოში M-240 ტიპის ტყვიამფრქვევების პირველი პარტია უკვე ჩამოვიდა. ისინი მეოთხე მექანიზებული ბრიგადის 43-ე ბატალიონის სამხედროებს დაურიგდათ.
რაც შეეხება M4 ტიპის ავტომატებს, საქართველოს ჯარში ამ ტიპის შეიარაღებაზე გადასვლა რამდენიმე წლის განმავლობაში მიმდინარეობს. M4 "კალაშნიკოვის" ტიპის ავტომატს ჩაანაცვლებს.
საქართველოსა და აშშ-ის სტრატეგიულმა პარტნიორობამ ახალ ეტაპზე გადავიდა 2016 წელს. იმ წლის ივნისში საქართველოს ოფიციალური ვიზიტით აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯონ ქერი ეწვია, რომელმაც პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან ერთად ხელი მოაწერა მემორანდუმს „საქართველოსა და აშშ-ს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ".
იმავე წლის დეკემბერში თბილისში ვიზიტით მყოფმა აშშ-ის თავდაცვის მდივნის თანაშემწის მოადგილე მაიკლ კარპენტერმა და ლევან იზორიამ 2016-2019 წლებში თავდაცვის სფეროს უსაფრთხოების სფეროში ჩარჩო-ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი.
მიმდინარე წლის თებერვალში ცნობილი გახდა, რომ აშშ საქართველოში გერმანიის „ჰოჰენფელსის" ბაზის ანალოგს, საბრძოლო მომზადების ცენტრს ააშენებს. ცენტრი ვაზიანში განთავსდება.
მიმდინარე წლის მარტის დასაწყისში საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ „თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში საქართველოსა და აშშ-ს შორის პარტნიორობის გაღრმავების შესახებ" მემორანდუმის ფარგლებში აშშ ქართული მხარისთვის 60-70 მლნ აშშ დოლარის გამოყოფას აპირებს.