გზა, რომელიც დაარსების დღიდან საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა გაიარა საკმაოდ რთული იყო. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობა 90-იან წლებში შეიმჩნეოდა, როდესაც ქვეყანას არ ჰქონდა საკმარისი ფული ბიუჯეტში, რათა არმიის გაძლიერებისთვის თანხები გამოეყოთ.
დროთა განმავლობაში ვითარება შეიცვალა. სახელმწიფომ თანდათან გაზარდა თავდაცვისთვის საჭირო ბიუჯეტი, რამაც საშუალემა მისცა მასშტაბური რეფორმები წამოეწყო, შეეძინათ ახალი იარაღი, ამუნიცია და სხვა.
როგორ დაიწყო
საქართველოს შეიარაღებული ძალიების დაარსების თარიღად მიიჩნევა 1991 წლის 30 აპრილი. იმ წელს განხორციელდა პირველი საგაზაფხულო გაწვევა ეროვნულ გვარდიაში, რომელიც შინაგან ჯარს მიეკუთვნებოდა.
იმავე წლის სექტემბერში საქართველოს პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ გამოსცა ბრძანება მნიშვნელოვანი სახელმწიფო ინსტიტუტის — თავდაცვის სამინისტროს შექმნის შესახებ. ახალი უწყების შექმნას ყველა ენთუზიაზმით შეხვდა.
სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალი „არსენალი“ წერს, რომ თავდაპირველად იგეგმებოდა 900 ადამიანის გაწვევა, თუმცა სამხედრო კომისარიატებში 8 ათასამდე ახალწვეული გამოცხადდა.
ბევრს უარი უთხრეს, ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმი სიმაღლე იყო. გადაწყვიტეს ჯარში არ გაეწვიათ 175 სმ-ზე დაბალი ახალგაზრდები. რაც შეეხება სამხედრო ტექნიკას, ტანკები, არტილერია, სასროლი იარაღი და სხვა ყველაფერი საბჭოთა წარმოების ჰქონდათ, რომელიც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საქართველოს ერგო.
ქართული არმია დღეს
დღევანდელი მონაცემებით საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მსახურობს 37 ათასი ადამიანი. რაოდენობა ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების საბჭომ განსაზღვრა. შეიარაღებულ ძალებს ხელმძღვანელობს გენერალური შტაბი, რომელიც თავის მხრივ თავდაცვის სამინისტროს ექვემდებარება. საქართველოს გენშტაბის მეთაური ბრიგადის გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაიაა, ქვეყნის თავდაცვის უწყებას კი ლევან იზორია ხელმძღვანელობს.
არმიის ძირითად ბირთვს კონტრაქტით აყვანილი ადამიანები შეადგენენ. თუმცა შეიარაღებული ძალები ყოველ წელს ივსება ახალწვეულებით, რომელთა მოვალეობასაც უმეტესად სამხედრო ობიექტების დაცვა და ლოჯისტიკა წარმოადგენს. სავალდებულო სამხედრო სამსახური ერთწლიანია, ხოლო კონტრაქტი ფორმდება 4 წლით.
რაც შეეხება არმიის სტრუქტურას, იგი მრავალფეროვანი და რთულია და მოიცავს აღმოსავლეთ-დასავლეთ ქვეით ჯარებს, ავიაციასა და საჰაერო თავდაცვის სპეციალურ დანაყოფებს, ეროვნულ გვარდიას, არმიის უზრუნველყოფისა და ლოჯისტიკის სამსახურებს, სამხედრო სწავლებების დანაყოფებს, სამხედრო პოლიციისა და სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტებს.
ჯერ კიდევ 1994 წელს საქართველომ NATO-სთან დაახლოების სურვილი გამოთქვა. მას შემდეგ, მიმდინარეობს ქვეყნის შეიარაღებული ძალების ტრანსფორმირება და NATO-ს სტანდარტებთან მიახლოება. ქართველ ჯარისკაცებს არა ერთხელ მიუღიათ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ხელმძღვანელთაგან მაღალი შეფასება.
სამშვიდობო მისიები
ქართველი ჯარისკაცების მაღალ პროფესიონალიზმზე მეტყველებს სამშვიდობო მისიები, რომლებშიც ქვეყანა 1999 წლიდან მონაწილეობს. პირველად ქართული შენაერთები 1999 წელს კოსოვოში გამოჩნდნენ. მაშინ, თურქეთის ბატალიონის შემადგენლობაში, ქართველები ქალაქ მამუშაში განთავსდნენ. 2003 წელს სამხედროთა რაოდენობა ასეულამდე გაიზარდა, ისინი ქალაქ პრიზრენში გერმანული ბრიგადის შემადგენლობაში ირიცხებოდნენ. იმავე წელს საქართველომ მშვიდობის დამცველები ერაყშიც გააგზავნა. 70 კაციანი სამედიცინო და საინჟინრო ჯგუფები ქალაქ ტიკრიტში განლაგდნენ. ერთი წლის შემდეგ სამხედროთა რაოდენობა 300 კაცამდე გაიზარდა, ხოლო 2005 წელს 850-ს მიაღწია.
2007 წელს საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივითა და პარლამენტის მხარდაჭერით ერაყში გაემგზავრა მესამე ფეხოსანი ბრიგადის 2000 სამხედრო და ქალაქ ელ-კუტში დაბინავდა.
2008 წელს მესამე ფეხოსანი ბრიგადა პირველმა ჩაანაცვლა. პირველი ბრიგადის პირადი შემადგენლობა 1500 მეომარი, „დელტას“ ბაზაზე იმყოფებოდა, 350 მეომარი ბაზა „კლეარ“-ში მსახურობდა, კიდევ 150 სამხედრო კი ბაღდადში. ერაყში და ბალკანეთში სამშვიდობო მისიები 2008 წელს დასრულდა
2014 წლიდან 2016 წლის ივლისამდე ევროკავშირის ეგიდით, ქართველი მეომრები ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში იმყოფებიან.
2017 წლის იანვარში ცენტრალურ აფრიკაში გაემგზავრა მეორე ფეხოსანი ბრიგადის, 23-ე ბატალიონის სამთო მომზადების საჩხერის ასეული.
ქართველი მშვიდობის დამცველები მსახურობენ ავღანეთშიც, სადაც მისია 2015 წლის იანვარში დაიწყო ქაბულში, ყანდაგარში, ჰერათში, მაზარი-შარიფში განლაგებული 12000 სამხედროდან 870 ქართველია.
საქართველო ასევე მონაწილეობს ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე სამშვიდობო ოპერაციებში მალიში, აქ ერთი ქართველი ოფიცერი მსახურობს.
შეიარაღება
ძირითადი სასროლი იარაღი საქართველოს არმიაში, ამერიკული წარმოების შაშხანებია M4A1 და M4A3. თუმცა ზოგი შენაერთი იყენებს AK-74, AK74M. Heckler @ Koch, TAR-21, As V al, Micro Galil და UMP 45 ტიპის იარაღსაც.
რაც შეეხება ჯავშანტექნიკას, სატანკო დანაყოფები იყენებენ T-72, T-55 და Оплот“ ტიპის ტანკებს.
ჯავსანტრანსპორტიორებიდან შეაიარაღებაშია БMП-1, БМП-2, БТР-70,БТР-80, Otocar Cobra და Nurol Ejder.
უნდა აღინიშნოს, რომ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი „დელტა“ აწარმოებს ჯავშანმანქანებს „დიდგორი“, თუმცა ჯერ საცდელი პარტიაა და შეიარაღებაში არ არის.
საქართველო ასევე იყენებს ამერიკული წარმოების ჯავშანტრანსპორტიორებს Humvee და Cougar HE.
საქართველოს შეიარაღებაშია რამდენიმე ტიპის საარტილერიო დანადგარი: ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემა, მოძრავი და ბუქსირებადი საარტილერიო დანადგარები.
სამხედრო საავიციო პარკი საკმაოდ ღარიბია და ძირითადად საბჭოთა წარმოების ვერტმფრენებისა და თვითმფრინავებისგან შედგება. ამასთან აქტიურად გამოიყენება ისრაელის წარმოების უპილოტო საფრენი აპარატები.
თავდაცვის მინისტრის განხადებით, საქართველო აპირებს უარი თქვას ამ მოძველებულ ტექნიკაზე და ძირითადი აქცენტი სწორედ უპილოტო საფრენ აპარატებზე გადაიტანოს.
საქართველომ დაიწყო ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის გაძლიერება, ამ მიზნით თავდაცვის ექს-მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა საფრანგეთთან მოაწერა ხელი ხელშეკრულებას ჰაერსაწინააღმდეგო დანადგარების შესყიდვაზე.
გარკვეული თანხა საფრანგეთში უკვე გადარიცხულია და უახლოეს ხანში დანადგარებიც საქართველოში იქნება.