ჩვენ უფრო რაციონალური ახსნა-განმარტებისთვის შესაბამისი უწყების წარმომადგენელს მივმართეთ. აღნიშნულ თემაზე მეტეოროლოგიის და კლიმატოლოგიის სამმართველოს უფროსი, ლიკა მეგრელიძე გვესაუბრება.
- ქალბატონო ლიკა, რამ განაპირობა ბოლო პერიოდში ამგვარი კლიმატური ცვლილებები და ტემპერატურის ცვალებადობა, რა პროცესები ხდება ბუნებაში, რაც ამგვარ კატაკლიზმებს იწვევს?
— დავიწყებ იმით, რომ კლიმატური ცვლილებების სამთავრობო საბჭო პერიოდულად კლიმატის მდგომარეობის შესახებ გლობალური მასშტაბით ანგარიშებს აქვეყნებს. ბოლო პერიოდში მეხუთე ასეთი ანგარიში გამოქვეყნდა. ყველა ამ ანგარიშის მთავარი შედეგია ის, რომ კლიმატის გლობალური დათბობა ზოგადად ტემპერატურის აწევას განაპირობებს. ამის ერთ-ერთი ინდიკატორია მყინვარების დნობა და ზღვის დონის აწევა. თუმცა ნაკლებად დადასტურებული ინდიკატორი ექსტრემალური მოვლენების გახშირებაცაა. ასევე შეინიშნება კონტრასტების გამწვავება: ანუ უნალექო ტერიტორიები უფრო მეტად გვალვების ინტენსივობით ხასიათდება და პირიქით.
- ბუნებრივია, ამგვარი კვლევა საქართველოზეც გაკეთდა…
— დიახ, ამგვარი შეფასებები და კვლევები საქართველოზეც გაკეთდა ანუ, იმაზე, თუ როგორ შეიცვალა ჩვენთან ბოლო 50 წლის მანძილზე თანამედროვე კლიმატური პირობები. ექსტრემალური მოვლენების გახშირება ყველა ამ კვლევის შედეგად საქართველოზეც დადასტურდა. ექსტრემალური მოვლენები გახშირებულია იქ, სადაც გვალვების მიმართ მოწყვლადი რეგიონები იყო, მაგალითად, როგორიცაა, კახეთი და ქვემო ქართლი, სადაც ეს პრობლემა ისედაც იდგა. ასეთი ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენების შედეგად გამწვავებულია ისეთი გეოლოგიური პროცესები, როგორიცაა, მეწყერი და ღვარცოფები, რაც თავისთავად ასეთი მოვლენების პროვოცირებას იწვევს. ასეთ ცვლილებებს აქვს გლობალურად ადგილი, როგორც მსოფლიოში, ასევე საქართველოში. მიუხედავად იმისა, რომ საქართველო ძალიან რთული რელიეფისა და კლიმატური პირობების მრავალფეროვნებით გამოირჩევა, ზოგადი ტენდენციები მაინც დადასტურებულად შეიძლება ჩაითვალოს.
- და ბოლოს, როგორი იქნება ზოგადად წლევანდელი ზაფხული?
— წინა კვირას ადგილი ჰქონდა ცხელ ტალღას, როცა ტემპერატურა 39- 40 გრადუსი იყო. მსგავსი ტენდენცია სავარაუდოდ მომავალშიც შენარჩუნდება. შეიძლება კონკრეტული ზაფხული გამორჩეულად ცხელი არ იყოს, მაგრამ როდესაც ლაპარაკია რაიმე ტენდენციაზე, იქ უკვე ბევრი ასეთი ზაფხულის შეფასება ხდება. ბოლო წლების განმავლობაში კი ძალიან გამორჩეული ცხელი ზაფხულებიც გვქონდა, განსაკუთრებით 2006 და 2010 წლებში. 2014 წელსაც ძალიან ცხელი ზაფხული იყო.