თბილისი, 9 ივლისის — Sputnik. განათლების მისაღებად საზღვარგარეთ წასვლის შემდეგ, ქართველი ახალგაზრდობის უმეტესი ნაწილი სამშობლოში არ ბრუნდება და უცხო ქვეყანაში მუშაობას ამჯობინებს, რაც უარყოფითად აისახება ქვეყნის ეკონომიკურ და დემოგრაფიულ მდგომარეობაზე, უთხრა Sputnik საქართველოს დემოგრაფმა ავთანდილ სულაბერიძემ.
მისი თქმით, ერთის მხრივ კარგია, როცა ახალგაზრდები საზღვარგარეთ მიდიან განათლების მისაღებად, მაგრამ მეორეს მხრივ, იმის გამო, რომ შესაძლოა სამშობლოში მათ ვერ მიიღონ ის სამუშაო, რომელიც შეესაბამება მათ კვალიფიკაციას, ისინი აშშ-სა და ევროპის ქვეყნებში რჩებიან.
დემოგრაფის აზრით, ეს პროცესი უარყოფითად აისახება საქართველოში არა მარტო ქორწინებების რაოდენობაზე, არამედ აძლიერებს მოსახლეობის დემოგრაფიული დაბერების ტემპსაც, რადგან ეს მაჩვენებელი პირდაპირ არის დაკავშირებული ახალგაზრდობის რაოდენობასთან.
„თუ აქამდე საქართველოს მოსახლეობის რაოდენობის შემცირების მიზეზი დაკავშირებული იყო შობადობის შემცირებასა და სიკვდილიანობის გაზრდასთან, ეხლა ამას შრომითი მიგრაციაც დაემატა. შრომისუნარიანი მოსახლეობა ახალგაზრდობის სახით მიდის აქედან და შედეგად ქვეყანაში იზრდება 65 წელს გადაცილებულ ადამიანთა რიცხვი“, — აღნიშნა სულაბერიძემ.
პენსიონერთა რიცხვის გაზრდასთან ერთად, უარესდება სოციალური და ეკონომიკური ფონი, აღნიშნა დემოგრაფმა.
„შრომისუნარიანი მოსახლეობა ტოვებს საქართველოს. მასიურად ქვეყანას 90-იან წლებში ტოვებდნენ. იმ წლებთან შედარებით ნაკადი შემცირებულია, მაგრამ არა საგრძნობლად“, — აღნიშნა სულაბერიძემ.
დემოგრაფი განცხადებით, 2020 წლისათვის, საქართველოში დაბრუნდებიან ის მოქალაქეები, რომელთაც ქვეყანა 1990-იან წლებში დატოვეს. ისინი უკვე საპენსიო ასაკის იქნებიან, რაც აუცილებლად აისახება ქვეყნის ბიუჯეტზე.
სულაბერიძემ აღნიშნა, რომ დემოგრაფები მუდმივად აძლევენ რეკომენდაციებს მთავრობას, რომელთაგან მთავარი ახალგაზრდობის დასაქმებაა. ისინი მხარს უჭერენ განათლების მინისტრის ალექსანდრე ჯეჯელავას არჩეულ კურსს, რომელიც პროფსასწავლებლების განვითარებისაკენ არის მიმართული.
„მემანქანეები, ტრაქტორისტები, აგრონომები, სოფლის მეურნეობის სფეროს მუშაკები — აი ვი სჭირდება დღეს ბაზარს. ჯეჯელავას კარგად ესმის, რომ ყველა არ შეიძლება იყოს უმაღლესი სასწავლებლის კურსდამთავრებული. ყველა ის ახალგაზრდა, რომელიც ვე შეძლებს წავიდეს უმაღლეს სასწავლებელში, პროფსასწავლებელში უნდა წავიდეს. ამრიგად, ისინი შეიძენენ პროფესიას და სარგებელს მოუტანენ საკუთარ თავს, ოჯახს და სახელმწიფოს“, — განაცხადა სულაბერიძემ.