თბილისში ახალგაზრდების დასაქმების ფესტივალი ჩატარდება

გამოწერა
ფესტივალზე 18-დან 29 წლამდე ასაკის ახალგაზრდებს 700-ზე მეტ ვაკანსიას შესთავაზებენ.

თბილისი, 15 ივნისი — Sputnik. თბილისში 25 ივნისს დასაქმების ფესტივალ Job Fest-ზე სხვადასხვა სფეროში მოღვაწე 70-ზე მეტი ქართული კომპანია ახალგაზრდებს სამსახურს შესთავაზებს, ნათქვამია შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს facebook-ის ოფიციალურ გვერდზე.

ღონისძიება ჩატარდება ვაკის პარკში 13:00-დან 17:00 საათამდე. დასაქმების ფესტივალში მონაწილეობის მიღება 18-დან 29 წლამდე ასაკის ახალგაზრდებს, უმაღლესი და პროფესიული სასწავლებლების სტუდენტებს და კურსდამთავრებულებს შეუძლიათ.

სპეციალურად ფესტივალისთვის კომპანიებმა 700-ზე მეტი ღია პოზიცია წარმოადგინეს, მათ შორის სტაჟირების მიმართულებითაც.

Biltmore - Sputnik საქართველო
საქართველოში დასაქმების ფორუმი გაიმართება

სამუშაოს მაძიებელთა რეგისტრაცია 14 ივნისიდან 24 ივნისამდე ორგანიზატორების ვებ-გვერდზე განხორცილდება. რეგისტრაციის გავლის შემდეგ სამუშაოს მაძიებლები მიიღებენ ფესტივალზე დასასწრებ Job Fest-ის ბარათს.

ფესტივალში მონაწილე კომპანიებისა და მათი ვაკანსიების შესახებ ინფორმაცია განთავსებულია ვებ-გვერდზე, რაც სამუშაოს მაძიებელს ვაკანსიების წინასწარი გაცნობის შესაძლებლობას აძლევს.

ახალგაზრდები ფესტივალზე უნდა გამოცხადდნენ სარეგისტრაციო ბარათით, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტით და პირადი რეზიუმეთი — cv (რამდენიმე ეგზემპლარით).

ვაკის პარკის ერთ ნაწილში მოეწყობა "წარმატების კუთხე", სადაც ახალგაზრდებს შესაძლებლობა ექნებათ, მოისმინონ სპიკერების გამოსვლები კარიერულ ზრდაზე, მოტივაციაზე, წარმატებასა და სტუდენტებისთვის საინტერესო სხვადასხვა თემაზე.

პროექტის მხარდამჭერები არიან შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო, კერძო კომპანიები და ფონდები.

ყველა ახალი ამბავი
0