თბილისი, 8 ივლისი- Sputnik. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ, ლტოლვილის სტატუსისი მინიჭებაზე, თურქეთში ტერორიზმის ხელშეწყობაში ბრალდებული დემირელის სახელობის კერძო კოლეჯის ყოფილ თანამშრომელ მუსტაფა ემრე ჩაბუქსისთვის, უარის თქმის მიზეზი განარტა.
ჩაბუქი თბილისში მაისის თვის ბოლოს თურქული მხარის მოთხოვნით დააკავეს. თურქეთში ჩაბუქს ბრალად ედება აშშ-ში მცხოვრები ოპოზიციონერი მქადაგებლის, ფეთჰულა გიულენის ორგანიზაციის დახმარება, რომელიც თურქეთში ტერორისტულ ორგანიზაციად არის აღიარებული. თბილისის საქალაქო სასამართლომ ჩაბუქს წინასაექსტრადიციო პატიმრობა შეუფარდა. ლტოლვილის სტატუსთან დაკავშირებით ჩაბუქმა საქართველოს ხელისუფლებას ივნისის თვის დასაწყისში მიმართა.
„სამინისტროს მიერ ბატონ ჩაბუქთან მიმართებით განხორციელდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული თავშესაფრის პროცედურა, კერძოდ, მას ჩაუტარდა გასაუბრება, სრულად იქნა შესწავლილი როგორც ბატონი ჩაბუქის და მისი ადვოკატის მიერ წარმოდგენილი ყველა დოკუმენტაცია, ასევე სამინისტროს მიერ მოპოვებული ინფორმაცია წარმოშობის ქვეყნის შესახებ, თურქეთის მხარის მიერ მოწოდებული საექსტრადაციო მასალები. ყველა დოკუმენტისა და ინფორმაციის შესწავლის შემდეგ, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ბატონი ემრე ჩაბუქისათვის საქართველოში ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ“ — განაცხადა მინისტრის მოადგილე შოთა რეხვიაშვილმა
მან დეტალურად განმარტა რით ხელმძღვანელობდა სამინისტრო ამ გადაწყვეტილების მიღებისას.
„ემრე ჩაბუქის განაცხადის შეფასებისას გაანალიზდა, თუ რამდენად ჰქონდა უწინ და ამჟამად რამდენად ემუქრება ბატონ ჩაბუქს თურქეთის რესპუბლიკაში პოლიტიკური ნიშნით დევნა. ასევე გათვალისწინებულ იქნა 2016 წელს თურქეთის რესპუბლიკაში მიმდინარე მოვლენები. ამასთან ერთად, გათვალისწინებული იქნა ბატონ ემრე ჩაბუქთან დაკავშირებით მიმდინარე საექსტრადაციო პროცედურა და სამინისტრომ მხედველობაში მიიღო თურქეთის რესპუბლიკის საელჩოს მიერ ქართული მხარისათვის კონკრეტულად ბატონი ჩაბუქის მიმართ წარმოდგენილი დიპლომატიური გარანტიებიც.“- თქვა რექვიაშვილმა.
მინისტრის მოადგილემ რწმენა გამოთქვა, რომ თურქეთის ციხეებში წამება არ ხდება.
„ჩვენ გაითვალისწინეთ და შევისწავლეთ ძირითადი საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიშები, რომლებმაც თურქეთის ციხეებში არსებული მდგომარეობა შეისწავლეს. საქმე ეხება 2015-2017 წლებში არსებულ მდგომარეობას. 2016 წლიდან ყველა ერთხმად აღნიშნავს, რომ თურქეთის ციხეებში არსებული მდგომარეობა ყველა საერთაშორისო, ევროპულ სტანდარტს შეესაბამება და ფაქტიურად გამორიცხულია წამების არსებობა“- თქვა რეხვიაშვილმა.
ამავე დროს მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ მოცემული დიპლომატიური გარანტიები გულისხმობს საქართველოს საელჩოს შესაძლებლობას თვალყური ადევნოს ჩაბუქის მდგომარეობას მისი თურქეთში ექსპრადიციის შემთხვევაში.
„საელჩო წარმოადგენს სახელმწიფოს და როცა სახელმწიფო იძლევა დიპლომატიურ გარანტიას, ეს თამაში არაა. ისინი ვალდებულები არიან დაიცვან ეს გარანტიები და ჩვენს დიპლომატიურ წარმომადგენლობას აქვს შესაძლებლობა მუდმივ რეჟიმში ჩაატაროს ნორმების დაცვის მონიტორინგი მიის ექსტრადიციის განხორციელების შემთხვევაში — თქვა რეხვიაშვილმა.
ამასთან ერთად, ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმა არ ნიშნავს ჩაბუქის გარდაუვალ ექსტრადიციას თურქეთში.
„თავშესაფრის მინიჭებაზე უარის თქმა არ იწვევს პირის ექსტრადიციას წარმოშობის ქვეყანაში. აღნიშნული ორი ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი პროცესია და თავშესაფრის საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, შეიძლება გაგრძელდეს ბატონ ჩაბუქთან დაკავშირებით მიმდინარე საექსტრადაციო პროცედურა, რომელთან დაკავშირებითაც ცალკე, დამოუკიდებელ გადაწყვეტილებას მიიღებს შესაბამისი ორგანო და სასამართლო“ —თქვა რექვიაშვილმა.
ჩაბუქის ადვოკატები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს გადაწყვეტიებას თბილისის საქალაქო სასამართლოში გაასაჩივრებენ. მათ ამისთვის 1 თვე აქვთ.
მუსტაფა ემრე ჩაბუქი საქართველოში 2002 წლიდან იმყოფება და განათლების სფეროში მოღვაწეობს. მისი ბოლო სამუშაო ადგილი იყო დემირელის სახელობის კერძო კოლეჯი, სადაც 2016 წლიდან ბოლო დრომდე ხარისხის მართვის მენეჯერის თანამდებობას იკავებდა.
ბოლო ორი წლის განმავლობაში ჩაბუქი საქართველოში ცხოვრების უფლებით სარგებლობდა. მას მეუღლე და ორი შვილი ჰყავს.
რაც შეეხება, გიულენს, მას თურქეთის ხელისუფლება 2016 წლის 16 ივლისის ღამეს გადატრიალების მცდელობის ორგანიზებაში ადანაშაულებს და აშშ-სგან მის გადმოცემას ითხოვს. თვითონ გიულენმა დაგმო აჯანყება და განაცხადა რომ ის მასში არ მონაწილეობდა.