გიულენთან კავშირში ბრალდებულის მხარდასაჭერად საქართველოში პეტიციას მოაწერეს ხელი

© Sputnik / Alexander Imedashviliევროპის მოედანი
ევროპის მოედანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
დემირელის კოლეჯის დაკავებული თანამშრომლის მეუღლეს საქართველოში პოლიტიკური თავშესაფრის მიღების იმედი აქვს.

თბილისი, 28 ივნისი — Sputnik. დემირელის სახელობის თბილისის კერძო კოლეჯის პარტნიორმა სკოლებმა, რომლის ყოფილ თანამშრომელს მუსტაფა ემრე ჩაბუქს თურქეთში ტერორიზმის ხელშეწყობა ბრალდება,  ჩაბუქის თურქეთში ექსტრადაციის შეჩერების მოთხოვნით ხელმოწერები შეაგროვეს.

ჩაბუქი თბილისში მაისის თვის ბოლოს თურქული მხარის თხოვნით დააკავეს. თურქეთში ჩაბუქს ბრალად ედება აშშ-ში მცხოვრები ოპოზიციონერი მქადაგებლის, ფეთჰულა გიულენის ორგანიზაციის დახმარება, რომელიც თურქეთში ტერორისტულ ორგანიზაციად არის აღიარებული. თბილისის საქალაქო სასამართლომ ჩაბუქს წინასაექსტრადიციო პატიმრობა შეუფარდა. 

ჩაბუქის გათავისუფლების მოთხოვნის პეტიციას ერთი თვის განმავლობაში 10 ათასმა ადამიანმა მოაწერა ხელი:  თბილისის სკოლა-ლიცეუმ „ სხივის“,  დემირელის კერძო კოლეჯის,  მარნეულის დავით აღმაშენებლის სახელობის სკოლა-ლიცეუმის, ქუთაისის ნიკო ნიკოლაძის სახელობის სკოლა-ლიცეუმის და რუსთავის შოთა რუსთაველის სახელობის სკოლა-ლიცეუმის პედაგოგებმა და  კურსდამთავრებულებმა. 

ნარიყალა - Sputnik საქართველო
გიულენთან კავშირში ბრალდებული საქართველოს ხელისუფლებას ლტოლვილის სტატუსს სთხოვს

ზემოთაღნიშნული სკოლების პედაგოგებმა ასევე შეიმუშავეს მიმართვა, რომელსაც ახლო მომავალში საქართველოს მთავრობას გადაუგზავნიან.

 „ყველა პედაგოგი ერთსულოვანია, რადგანაც ჩვენ ძალიან კარგად ვიცნობთ ამ პიროვნებას და ვთვლით, რომ მისი დაკავება იმ ბრალდებით რაც მას წაუყენეს, აბსურდული და უსაფუძვლოა“, — განაცხადა დემირელის კოლეჯის დირექტორმა ნინო კავთიაშვილმა.

სკოლა-ლიცეუმ „სხივში“ ოთხშაბათს შეხვედრა გაიმართა, რომელსაც  ესწრებოდა 200-ზე მეტი პედაგოგი, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები და ასევე დაკავებულის მეუღლე — თუბა ჩაბუქი.  მან კიდევ ერთხელ დააფიქსირა საკუთარი პოზიცია და იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო გაითვალისწინებს მისი ოჯახის თხოვნას და მათ ლტოლვილის სტატუსს მიანიჭებს.

 „წაყენებული ბრალდებიდან ნათელია, რომ ის პოლიტიკური პატიმარია. ამ სისხლის სამართლის საქმიდან გამომდინარე, ჩვენ სრული უფლება გვაქვს საქართველოში პოლიტიკური თავშესაფარი მოვითხოვოთ. ამ ქვეყანაში მეუღლესთან ერთად წლების განმავლობაში ვცხოვრობ. საქართველო დემოკრატიის გზით მიდის, აქ დაცულია ადამიანის უფლებები, ამიტომ იმედი მაქვს, რომ პოლიტიკური დევნილის სტატუსს მივიღებთ“, — განაცხადა ჩაბუქის მეუღლემ.

„საერთაშორისო დაცვის შესახებ“  საქართველოს  კანონის თანახმად, თავშესაფრის მაძიებელს უფლება აქვს არ განხორციელდეს მისი ექსტრადირება ან გაძევება საქართველოდან სანამ სამინისტრო არ მიიღებს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას.

მუსტაფა ემრე ჩაბუქი საქართველოში 2002 წლიდან იმყოფება და განათლების სფეროში მოღვაწეობს. მისი ბოლო სამუშაო ადგილი იყო დემირელის სახელობის კერძო კოლეჯი, სადაც 2016 წლიდან ბოლო დრომდე ხარისხის მართვის მენეჯერის თანამდებობას იკავებდა. ბოლო ორი წლის განმავლობაში ჩაბუქი საქართველოში ცხოვრების უფლებით სარგებლობდა. 

თურქეთის ხელისუფლება გიულენს 2016 წლის 15 ივლისს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში ადანაშაულებს და აშშ-ისგან მის გადაცემას მოითხოვს. თავად გიულენმა დაგმო ამბოხება და განაცხადა, რომ უდანაშაულოა.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0