თბილისი, 7 ივნისი — Sputnik. დემირელის სახელობის კერძო კოლეჯის ყოფილმა თანამშრომელმა მუსტაფა ემრე ჩაბუქმა, რომელსაც თურქეთში ტერორიზმის ხელშეწყობა ბრალდება და მისმა ოჯახმა საქართველოს ხელისუფლებას ლტოლვილის სტატუსის მინიჭების თხოვნით მიმართა, განაცხადა „Sputnik საქართველოსთან“ ჩაბუქის ადვოკატმა სოსო ბარათაშვილმა.
ჩაბუქი თბილისში მაისის თვის ბოლოს თურქული მხარის თხოვნით დააკავეს. თურქეთში ჩაბუქს ბრალად ედება აშშ-ში მცხოვრები ოპოზიციონერი მქადაგებლის, ფეთჰულა გიულენის ორგანიზაციის დახმარება, რომელიც თურქეთში ტერორისტულ ორგანიზაციად არის აღიარებული. თბილისის საქალაქო სასამართლომ ჩაბუქს წინასაექსტრადიციო პატიმრობა შეუფარდა.
„ჩვენი დახმარებით მან (ჩაბუქი — რედ.) და მისმა ოჯახმა საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს უკვე მიმართეს და საკითხის განხილვის პროცესი დაიწყო. „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 56-ე მუხლის თანახმად, ექსტრადიციის პროცესი ამ განხილვის გამო შეჩერდა“, — განაცხადა ბარათაშვილმა.
ზემოთაღნიშნული კანონის ნორმის თანახმად, თავშესაფრის მაძიებელს უფლება აქვს არ განხორციელდეს მისი ექსტრადირება ან გაძევება საქართველოდან სანამ სამინისტრო არ მიიღებს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას.
ბარათაშვილის თქმით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს თანამშრომლებმა უკვე მოინახულეს ჩაბუქი.
ოთხშაბათს, მთავრობის სახლთან, მოგვიანებით კი პარლამენტის შენობასთან ჩაბუქის მხარდამჭერი აქცია გაიმართა, რომელშიც 300-დან 400-მდე ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, მათ შორის იყვნენ დემირელის კოლეჯის თანამშრომლები და მათ ხელისუფლებას მოსთხოვეს არ გადასცენ ჩაბუქი თურქულ მხარეს.
„ჩვენ იმედი გვაქვს, რომ საქართველოს ხელისუფლებამდე მივა ის მესიჯები, რომლებიც დღეს მათი მისამართით გაჟღერდა. ერთ-ერთი მთავარი მესიჯი იყო, რომ საქართველოს ხელისუფლებამ არ უნდა მიიღოს მუსტაფა ჩაბუქის ექსტრადირების გადაწყვეტილება“, — განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის" (EMC) სოციალური უფლებების პროგრამის დირექტორმა ლინა ღვინიანიძემ ჟურნალისტებთან.
არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე ანა ნაცვლიშვილი მიიჩნევს, რომ იმ შემთხვევაში თუ საქართველო ჩაბუქს თურქეთს გადასცემს, ისინი ქვეყნის კონსტიტუციასა და საერთაშორისო სტანდარტებს დაარღვევენ.
„აქ კრიტიკულად მთავარია ხელისუფლებამ გააცნობიეროს, რომ ეს საქმე მხოლოდ ერთ ადამიანს არ ეხება. ეს საქმე დაგვანახებს იმას, საქართველოს ხელისუფლება თუ რამდენად პატივს სცემს საქართველოს კონსტიტუციას და იმ საერთაშორისო სტანდარტებს. ამიტომ ჩაბუქის ექსტრადიცია დიდი რისკის ქვეშ დააყენებს არამარტო ერთ ადამიანს. ეს იქნება უპატივცემულობა და ქვეყნის კონსტიტუციის დარღვევა“, — განაცხადა ნაცვლიშვილმა ჟურნალისტებთან.
თურქეთის ხელისუფლება გიულენს 2016 წლის 15 ივლისს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში ადანაშაულებს და აშშ-ისგან მის გადაცემას მოითხოვს. თავად გიულენმა დაგმო ამბოხება და განაცხადა, რომ უდანაშაულოა.
მუსტაფა ემრე ჩაბუქი საქართველოში 2002 წლიდან იმყოფება და განათლების სფეროში მოღვაწეობს. მისი ბოლო სამუშაო ადგილი იყო დემირელის სახელობის კერძო კოლეჯი, სადაც 2016 წლიდან ბოლო დრომდე ხარისხის მართვის მენეჯერის თანამდებობას იკავებდა.
ბოლო ორი წლის განმავლობაში ჩაბუქი საქართველოში ცხოვრების უფლებით სარგებლობდა. მას ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.