თბილისი, 25 მაისი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ წინასაექსტრადიციო პატიმრობა შეუფარდა დემირელის სახელობის კერძო კოლეჯის ყოფილ თანამშრომელს მუსტაფა ემრე ჩაბუქს, რომელსაც თურქეთში ტერორიზმის ხელშეწყობა ბრალდება, განუცხადა "Sputnik-საქართველოს" დაკავებულის ადვოკატმა ვახტანგ კვიჟინაძემ.
ჩაბუქი თბილისში ოთხშაბათს თურქული მხარის თხოვნით დააკავეს. თურქეთში ჩაბუქს ბრალად ედება აშშ-ში მცხოვრები ოპოზიციონერი მქადაგებლის, ფეთჰულა გიულენის ორგანიზაციის დახმარება, რომელიც თურქეთში ტერორისტულ ორგანიზაციად არის აღიარებული.
„მას სამთვიანი წინასაექსტრადიციო პატიმრობა შეეფარდა. პროკურატურაში აცხადებდნენ, რომ დოკუმენტები თურქეთიდან მიიღეს და მათთვის დეტალები ცნობილი არ არის, თუმცა, დანაშაულის სიმძიმიდან გამომდინარე პატიმრობა მოითხოვეს… საქმის საბოლოო დასრულებამდე თანახმა ვიყავით 10 000 ლარის ოდენობის გირაოზე, რომელიც უძრავი ქონებით იქნებოდა უზრუნველყოფილი", — განაცხადა კვიჟინაძემ.
სასამართლო მოსმენაზე ჩაბუქმა ტერორიზმთან კავშირი უარყო და ქართულ მხარეს მიმართა თხოვნით, არ გადასცენ თურქეთს.
„ყველაზე მეტად ჩემს თავმოყვარეობაზე იმოქმედა იმან, რომ ტერორისტული ორგანიზაციის წევრობას მაბრალებენ. ეს ცრემლები იმიტომ მომდის, რომ შეეხნენ ჩემს თავმოყვარეობას. ცხოვრებაში პატარა დანაც კი არ მიტარებია…. სამწუხაროდ, თურქეთში სამართლიანობა არ არსებობს და აქედან გამომდინარე, ვითხოვ არ გადამცენ თურქეთს", — განაცხადა ჩაბუქმა სასამართლო მოსმენაზე.
საქართველოს კანონმდებლობით, წინასაექსტრადიციო დაკავება ცხრა თვეს არ უნდა აღემატებოდეს. დაკავებულის იმ ქვეყნისთვის გადაცემის საკითხი, რომლის მოქალაქეც ის არის, საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ უნდა გადაწყვიტოს.
თურქეთის ხელისუფლება გიულენს 2016 წლის 15 ივლისს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში ადანაშაულებს და აშშ-ისგან მის გადაცემას მოითხოვს. თავად გიულენმა დაგმო ამბოხება და განაცხადა, რომ უდანაშაულოა.
მუსტაფა ემრე ჩაბუქი საქართველოში 2002 წლიდან იმყოფება და განათლების სფეროში მოღვაწეობს. მისი ბოლო სამუშაო ადგილი იყო დემირელის სახელობის კერძო კოლეჯი, სადაც 2016 წლიდან ბოლო დრომდე ხარისხის მართვის მენეჯერის თანამდებობას იკავებდა.
ბოლო ორი წლის განმავლობაში ჩაბუქი საქართველოში ცხოვრების უფლებით სარგებლობდა. მას ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.