თბილისი, 7 ივლისი — Sputnik. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ოპოზიციონერი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის საქმეს, რომელიც თბილისიდან გაუჩინარდა და მოგვიანებით გაირკვა, რომ ის ბაქოშია დაკავებული, სტატუსი „პრიორიტეტული“ მიანიჭა, განაცხადა „Sputnik საქართველოსთნ“ მუხთარლის ადვოკატმა არჩილ ჩოფიკაშვილმა.
მუხთარლი თბილისიდან მაისის ბოლოს გაუჩინარდა. შემდეგ გაირკვა, რომ ის დაკავებულია და ბაქოში იმყოფება. მას ბრალად ედება საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა, კონტრაბანდა და პოლიციის თანამშრომლისთვის წინააღმდეგობის გაწევა. ჟურნალისტის ოჯახი ირწმუნება, რომ ის გაიტაცეს, ჩაუდეს ფული და აზერბაიჯანში ფარულად გადაიყვანეს. მუხთარლის ახლობლები ასევე აცხადებენ, რომ მის გატაცებასთან საქართველოს სამართალდამცველები არიან დაკავშირებული. ჟურნალისტის ადვოკატებმა ევროსასამართლოს 2 ივნისს მიმართეს.
„მუხთარლის საქმეს სტატუსი „პრიორიტეტული“ მიენიჭა… ეს ნიშნავს, რომ სხვა საქმეებთან შედარებით, აღნიშნული საქმე პრიორიტეტულად ითვლება და მას მაქსიმალურად მოკლე ვადებში განიხილავენ“, — განაცხადა ჩოფიკაშვილმა.
ადვოკატებს მიაჩნიათ, რომ მუხთარლის წინააღმდეგ ადამიანის უფლებათა დაცვის კონვენციის რამდენიმე მუხლი დაირღვა.
თავიდან მუხთარლის ადვოკატებმა ევროსასამართლოს დროებითი ზომების გამოყენებისა და მუხთარლის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამომდინარე მისი ბაქოდან გათავისუფლების თხოვნით მიმართეს. კარდიოლოგის ინფორმაციით, რომელმაც ბაქოს ციხეში მოინახულა ჟურნალისტი, მას გულის პრობლემები აქვს.
ევროსასამართლომ აზერბაიჯანის ხელისუფლებას მუხთარლის ჯანმრთელობაზე ზრუნვისკენ მოუწოდა.
მუხთარლის ადვოკატებს სარჩელის „მუხთარლი აზერბაიჯანისა და საქართველოს წინააღმდეგ“ საბოლოო ფორმირებისთვის კიდევ ერთი თვე აქვთ.