თბილისი, 27 ივნისი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მუდმივ მონიტორინგს გაუწევს აზერბაიჯანელი ოპოზიციონერი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის საქმეს, რომელიც თბილისიდან გაუჩინარდა და შემდეგ ბაქოში პატიმრობაში აღმოჩნდა, ნათქვამია პრეზიდენტის პრეს-სამსახურის განცხადებაში.
მარგველაშვილმა პრეზიდენტის სასახლეში მუხთარლის მეუღლე ლეილა მუსტაფაევა და ადვოკატი არჩილ ჩოფიკაშვილი მიიღო, რომლებმაც სახელმწიფოს მეთაურს ჟურნალისტის თბილისიდან გაუჩინარების საქმის მსვლელობა გააცნეს.
"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დაზარალებული მხარის და ოჯახის ყველა კითხვას პასუხი გაეცეს დროულად. ეს კითხვებია: რატომ აწარმოებს გამოძიებას შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ, რატომ არ აქვს მის მეუღლეს დაზარალებულის სტატუსი და ბევრი მნიშვნელოვანი ეჭვი, რომელიც ოჯახს აქვს", — განაცხადა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა დოლიძემ შეხვედრის დასასრულს.
მუხთარლი თბილისიდან მაისის ბოლოს გაუჩინარდა. მოგვიანებით გაირკვა, რომ ის ბაქოშია დაკავებული და მას ბრალად ედება საზღვრის უკანონო გადაკვეთა, კონტრაბანდა და პოლიციის თანამშრომლისათვის წინააღმდეგობის გაწევა. ბაქოს სასამართლომ 31 მაისს მას პატიმრობა შეუფარდა. ჟურნალისტის ოჯახი ამტკიცებს, რომ ის გაიტაცეს, ფული ჩაუდეს და აზერბაიჯანში ფარულად გადაიყვანეს. ისინი ასევე მუხთარლის გატაცებას საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებს უკავშირებენ.
საქართველოში მუხთარლის გაუჩინარებასთან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე მუხლით "თავისუფლების უკანონო აღკვეთა". მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ სამშაბათს განაცხადა, რომ ქართულმა მხარემ აზერბაიჯანს ჟურნალისტის დაკითხვის თხოვნით მიმართა.
"დაკითხულია 100-ზე მეტი მოწმე და ამოღებულია გარე სათვალთვალო კამერები. აფგან მუხთარლის ადვოკატსა და მისი ოჯახის წევრებს სისხლის სამართლის საქმის მასალების და საქმეზე დართული ჩანაწერების გაცნობის შესაძლებლობა მიეცა. საქართველოს პროკურატურამ სამართლებრივი დახმარების შუამდგომლობით მიმართა აზერბაიჯანელ კოლეგებს. ჩვენ ვითხოვთ აფგან მუხთარლის დაკითხვას და ამ დაკითხვაზე ჩვენი წარმომადგენლის დასწრებას", – განაცხადა შოთაძემ.
მუხთარლის საქმემ საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ დიდი რეზონანსი გამოიწვია. ქართული მასმედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა თბილისში მის მხარდასაჭერად აქციები არაერთხელ გამართეს.
მუხთარლის დაპატიმრებას რეაქცია უცხოეთშიც მოჰყვა. დროულ და გამჭვირვალე გამოძიებას ელოდებიან აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი, საერთაშორისო ორგანიზაცია "რეპორტიორები საზღვრების გარეშე", ევროპის საბჭო და საგარეო პოლიტიკური საქმიანობის ევროპული სამსახური.
აზერბაიჯანში მედიის ირგვლივ შექმნილ ვითარებასა და მუხთარლის საქმეს სპეციალური რეზოლუცია ევროპარლამენტმა მიუძღვნა.
მუხთარლის ადვოკატებმა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს 2 ივნისს თხოვნით მიმართეს, რათა ის გაათავისუფლონ იმ სარჩელის განხილვის დასრულებამდე, რომლის შეტანას ისინი 7 ივლისამდე აპირებენ.