ევროპარლამენტმა საქართველოს მუხთარლის საქმის საფუძვლიანი გამოძიებისკენ მოუწოდა

© photo: Sputnik / Stringerევროპარლამენტი
ევროპარლამენტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ევროპარლამენტმა საქართველოს მოუწოდა, საფუძვლიანად და ოპერატიულად გამოიძიოს ოპოზიციონერი აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის თბილისიდან გაუჩინარების საქმე.

თბილისი, 15 ივნისი — Sputnik. ევროპარლამენტმა ხმათა უმრავლესობით მიიღო რეზოლუცია „აფგან მუხთარლის საქმე და აზერბაიჯანში მასმედიასთან დაკავშირებული სიტუაცია", რომელიც ოპოზიციონერი აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის თბილისიდან გაუჩინარების საქმეს ეხება, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ევროპარლამენტის დეპუტატებმა მტკიცედ დაგმეს თბილისში აფგან მუხთარლის გატაცება და მისი შემდგომი თვითნებური დაკავება ბაქოში. მათ მოუწოდეს საქართველოს ხელისუფლებას, უზრუნველყოს ქვეყნიდან აფგან მუხთარლის ძალადობრივი გაუჩინარებისა და მისი ბაქოსთვის უკანონოდ გადაცემის საქმის სწრაფი, დეტალური, გამჭვირვალე და ეფექტური გამოძიება და დამნაშავეების დასჯა.

ევროპარლამენტმა შეახსენა საქართველოს ხელისუფლებას, რომ მათი პასუხისმგებლობაა უზრუნველყონ უცხო ქვეყნების მოქალაქეების უსაფრთხოება, რომლებიც საქართველოში ცხოვრობენ ან პოლიტიკურ თავშესაფარს ითხოვენ.

ბაქო - Sputnik საქართველო
აზერბაიჯანმა მუხთარლის დაკავებაში ქართული სპეცსამსახურების მონაწილეობა უარყო

გარდა ამისა, ევროპარლამენტმა მოუწოდა აზერბაიჯანის ხელისუფლებას გაათავისუფლოს აფგან მუხთარლი, ასევე ყველა ის პირი, ვინც დაპატიმრებულია მათი ძირითადი უფლებების შეზღუდვის გამო, გამოხატვის თავისუფლების უფლების ჩათვლით. პარალელურად ევროპარლამენტის დეპუტატებმა მოუწოდეს საქართველოს ხელისუფლებას, ოფიციალურ ბაქოსთან ერთად მიიღოს ყველა საჭირო ზომა, რათა აფგან მუხთარლი დაუბრუნდეს თავის ოჯახს.

რეზოლუციის თანახმად, მუხთარლი, რომელიც ჟურნალისტურ გამოძიებებს ატარებდა, თბილისში 2015 წლიდან ცხოვრობდა, საიდანაც 2017 წლის 29 მაისს გაუჩინარდა და რამდენიმე საათში ბაქოში აღმოჩნდა.

ჟურნალისტის ადვოკატმა განაცხადა, რომ მუხთარლი უცნობმა პირებმა დააკავეს და მათ საქართველოს კრიმინალური პოლიციის ფორმა ეცვათ. ის მანქანაში ძალის გამოყენებით ჩასვეს, სცემეს და აზერბაიჯანის საზღვართან გადაიყვანეს, სადაც მას 10 000 ევრო ჩაუდეს.

აზერბაიჯანში მუხთარლის ბრალად ედება "აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთა", "კონტრაბანდა" და "ხელისუფლების წარმომადგენლის მიმართ ძალადობა, რომელიც სიცოცხლის ან ჯანმრთელობისათვის საშიშროებას წარმოადგენს". ბაქოს სასამართლომ მუხთარლის წინასწარი სამთვიანი პატიმრობა შეუფარდა.

საქართველოს შსს, თავის მხრივ, სისხლის სამართლის საქმეს იძიებს 143-ე მუხლით "თავისუფლების უკანონო აღკვეთა" და აზერბაიჯანელ კოლეგებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს.

ყველა ახალი ამბავი
0