დიდი მწერლები გისოსებს მიღმა არა მარტო თავისუფალი აზროვნებისთვის ხვდებოდნენ. ახლა გთავაზობთ მცირე ჩამონათვალს იმ გენიოსებისა, ვისი ციხეში შექმნილი ნაწარმოებები შედევრებად აღიარეს.
გენიალური ესპანელი მიგელ სერვანტესი პაპის ელჩთან მოეწყო სამსახურში და გადასახადების აკრეფა დაევალა. 1594 წლის აგვისტოში, მწერალმა ეს საქმე ანდო ვინმე ვაჭარს, რომელმაც მალე ამ ამბებიდან თავი ბანკროტად გამოაცხადა. ორივე დაადანაშაულეს სახელმწიფო ქონების მითვისებაში, რომელიც ქვეყნის საზღვაო ფლოტის მომარაგებას უნდა მოხმარებოდა. ესპანური ლიტერატურის გენია 3 თვით ჩასვეს ციხეში. 1602 წელს დამატებითი სამხილების აღმოჩენის შემდეგ ხელმეორედ დააპატიმრეს. სწორედ აქ, სევილიის ციხეში დაიწყო სერვანტესმა „დონ კიხოტ ლამანჩელის“ წერა, რომელიც პირველად 1604 წელს გამოიცა.
ფიოდორ დოსტოევსკი1849 წლის აპრილში დააპატიმრეს საზოგადო მოღვაწე მიხაილ პეტრაშევსკის საიდუმლო საზოგადოების წევრობისთვის, რომლის მიზანიც სახელმწიფო გადატრიალება და მეფის ჩამოგდება გახლდათ. გამოძიების დასრულებამდე მწერალი შინაპატიმრობაში გამოკეტეს. 1849 წლის ნოემბერში პატიმრები კედელთან მიაყენეს, თავზე ტომრები ჩამოაცვეს… მაგრამ, როგორც გამოირკვა მეფე ნიკოლოზ პირველმა ბოლო წამს მათი სიკვდილით დასჯა გადაიფიქრა და დოსტოევსკი ომსკის ციხეში გამოამწყვდიეს. აქ, მწერალი დღიურს აწარმოებდა, რომელიც მომავალში საფუძვლად დაედო მის მოთხრობას „მკვდარი სახლის ჩანაწერები“.
1895 წლის 25 მაისს ოსკარ უაილდი გაასამართლეს უხამსობისთვის, „დორიან გრეის პორტრეტის“ ავტორი დაადანაშაულეს არატრადიციულ სექსუალურ ძალადობაში და ორი წლით კატორღაში გაამწესეს. პირველი ექვსი თვე მან რეციდივისტების გვერდით გაატარა. 1895 წლის20 ნოემბერს „რედინგის“ ციხეში გადაიყვანეს, თუმცა აქაც საზიზღრად ექცეოდნენ. სწორედ აქ, „რედინგში“ დაიწერა „მიმართვა: ციხეში და ბორკილებში“. გათავისუფლების შემდეგ, მწერალმა კიდევ ერთი ნაწარმოები უძღვნა ტუსაღობის პერიოდს- „რედინგის ციხის ბალადა“.
სანამ სახელმოხვეჭილი მწერალი გახდებოდა ო. ჰენრი, იგივე უილიამ პორტერი — ბანკში მოლარედ მუშაობდა. 1895 წელს იგი დაადანაშაულეს იმ დროისთვის საკმაოდ სოლიდური თანხის —1150 დოლარის მოპარვაში. დღემდე უცნობია იყო დამნაშავე მწერალი თუ არა, ცნობილია მხოლოდ, რომ ჰონდურასში გაიქცა, საიდანაც მერე მექსიკაში გადავიდა. 1897 წლის იანვარში, მეუღლის უმძიმესი ავადმყოფობის გამო, იძულებული გახდა დაბრუნებულიყო, სადაც დააპატიმრეს კიდეც მეუღლის დაკრძალვისთანავე. 1898 წლის თებერვალში გაასამართლეს და „კოლუმბუსის“ ციხეში გაატარა მომდევნო 3 წელი და 4 დღე. პატიმრობის პერიოდში დაწერა და გამოაქვეყნა 14 მოთხრობა, თუმცა საკუთარი გვარ-სახელის მოწერისა შერცხვა და ფსევდონიმად აიღო — ო. ჰენრი.
მოგვიანებით, როდესაც ამ მოთხრობებმა დიდი აღიარება მოუტანა, გადაწყვიტა დარჩენილი ცხოვრება ფსევდონიმით გაეტარებინა. არის კიდევ ერთი მოსაზრება, თუ რატომ შეიცვალა მწერალმა გვარი. გასული საუკუნის 80-იან წლებში დაიწერა, რომ თითქოს აღმოაჩინეს საიდუმლო დოკუმენტები, სადაც შავით თეთრზე წერია, რომ უილიამ პორტერი ამერიკის დაზვერვის სამსახურის საიდუმლო აგენტი იყო ცენტრალურ ამერიკაში. თუმცა, არ მგონია ეს ისტორია, ნოველის უდიდესი ოსტატის სახელის გასახუნებლად გამოდგებოდეს.
ისტორიაში მსგავსი შემთხვევები კიდევ არის, მაგალითად მარკიზ დე სადისა და ალექსანდრ სოლჟენიცინის თავგადასავლები, მაგრამ დღეს ამით შემოვიფარგლები და ამ მონათხრობით მოგილოცავთ საკმაოდ უცნაურ — კატორღელებისა და მევალეების საერთაშორისო დღეს.