რომელი სახელმწიფო წყობაა მისაღები საქართველოსთვის?

© Sputnik / Alexander Imedashviliდარეჯან დედოფლის სასახლე
დარეჯან დედოფლის სასახლე - Sputnik საქართველო
გამოწერა
დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან სახელმწიფო მოწყობის თემა ძალიან პოპულარულია ჩვენ ქვეყანაში. ვერაფრით შევჯერდით, როგორი უნდა იყოს საქართველო, ვინ უნდა მართავდეს – პრეზიდენტი, პრემიერი თუ მეფე.

პირველი ორი ვცადეთ, ახლა მონარქიის აღდგენაზე ავლაპარაკდით, და რა იქნება მერე? ანუ სახელმწიფოს მოწყობის რომელ ფორმაზე გავაკეთებთ აქცენტს ახლო მომავალში? საინტერესო თემაა, მაგრამ ამისათვის ხომ უნდა ვიცოდეთ – რისგან უნდა ავარჩიოთ? გადავწყვიტე თქვენ სამსჯავროზე გამოვიტანო ყველა დღემდე არსებული (მისაღები) ვარიანტი და იქნებ რომელიმეზე შევჯერდეთ. ჩამონათვალი კი ასეთია:

1) ავტოკრატია – ეს გახლავთ სახელმწიფოს მმართველობის ფორმა, რომლის დროსაც მთელი ძალაუფლება მხოლოდ ერთ ადამიანს უჭირავს — ეს დაახლოებით უკვე გავიარეთ და არ გაამართლა.

2) არისტოკრატია – არის მმართველობის ფორმა, რომლის დროსაც ძალაუფლება უჭირავთ არისტოკრატებს – ჯერ არ გვიცდია, რადგან ვინ არის არისტოკრატი და ვინ არა, ამის დადგენა იქნება რთული.

3) დემოკრატია – სახელმწიფო მართვის ფორმა, როდესაც მთელი ძალაუფლება უშუალოდ ხალხს ან მათ წარმომადგენლებს ეკუთვნით. დემოკრატიის უმთავრესი მოთხოვნებია – არჩევითობა და მოკლევადიანობა. გარდა ამისა ცნება დემოკრატია მოიცავს მთელ რიგ უფლებებსა და თავისუფლებებს, რომელთაც ბუნება ანიჭებს ყოველ ადამიანს განურჩევლად მისი რასობრივიი, ეთნიკური, კონფესიური, რელიგიური, სოციალური, იდეოლოგიური თუ სხვა კუთვნილებისა — ვცდილობთ, თუმცა ხეირიანად არ გამოგვდის.

დარეჯანის სასახლე თბილისში - Sputnik საქართველო
ვინ არის საქართველოს სამეფო სახლის მეთაური – დე იურე მეფე

4) თეოკრატია – სახელმწიფო მმართველობის ფორმა, რომლის დროსაც უმაღლესი ხელისუფლება არის სამღვდელოება ან ითვლება ღმერთის მიერ ლეგიტიმირებულად ან ხელდასმულად, ხოლო მმართველობა ხორციელდება რელიგიური პრინციპების მიხედვით – დასაფიქრებელია.

5) მერიტოკრატია – არის მმართველობის ფორმა ან სხვა სტრუქტურა, სადაც თანამდებობები გადაიცემა და პასუხისმგებლობა მიენიჭებათ ადამიანებს, მათ დემონსტრირებულ ნიჭზე და შესაძლებლობებზე დაყრდნობით – საინტერესო ვარიანტია, მაგრამ ვინ არის იმის გარანტი, რომ ნიჭიერი მეწაღე ეკონომიკის კარგი მინისტრი იქნება? ან კარგი მომღერალი კულტურას მოუვლის?

6) მონარქია – არის მმართველობის ისეთი ფორმა, როდესაც ძალაუფლება ერთი ადამიანის, მეფის ხელშია. არსებობს მონარქიის ორი ტიპი: კონსტიტუციური მონარქია — რომლის დროსაც მონარქის ძალაუფლება შეზღუდულია კონსტიტუციით და აბსოლუტური მონარქია — რომლის დროსაც მონარქი შეუზღუდავ ძალაუფლებას ფლობს – საკითხი უკვე არის ქართული საზოგადოების დღის წესრიგში, თუმცა ჯერ მხოლოდ იდეის დონეზე.

7) პლუტოკრატია – პოლიტიკური წყობა, რომლის დროსაც სახელმწიფოს მართავს გაბატონებული კლასის ყველაზე მდიდარ წარმომადგენელთა მცირერიცხოვანი ჯგუფი, ხოლო ხალხი სრულიად უუფლებოა – განხილვადაც არ ღირს.

8) რესპუბლიკა – დღევანდელი მსოფლიოს სახელმწიფოთა უმეტესობა რესპუბლიკური მმართველობის მიმდევარია. რესპუბლიკური მმართველობის დროს სახელმწიფოს მეთაურს ირჩევენ გარკვეული ვადით. რესპუბლიკური მმართველობის კლასიკური ქვეყნებია აშშ, საფრანგეთი, ფინეთი, იტალია, ბრაზილია და ა.შ. — ესეც ვცადეთ და არ გაამართლა.

9) ტექნოკრატია – საზოგადოება, რომელშიც ადამიანები მმართველ თანამდებობებს იკავებენ მათი კვალიფიკაციის მიხედვით და არა არჩევნების გზით – მერიტოკრატიასთან ახლოს დგას და იგივე პრობლემებს გადავაწყდებით.

ფოტოკოლაჟი - ძველი თბილისი - Sputnik საქართველო
როგორი იყო თბილისის მმართველობა ერეკლე მეორის დროს

10) ოლიგარქია – არის მმართველობის ფორმა, რომლის დროსაც ძალაუფლება უჭირავს ადამიანების ვიწრო, ელიტურ წრეს (ოლიგარქებს), რომლებიც ძალაუფლებას იყენებენ საკუთარი ინტერესების შესაბამისად – პლუტოკრატიისგან დიდად არ განსხვავდება, თან ეჭვიანი ხალხი ამტკიცებს, ესეც უკვე გავიარეთო.

11) უნიტარიზმი – სახელმწიფოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მართვის თვალსაზრისით მსოფლიოს ქვეყნები ძირითადად ორ ჯგუფად იყოფა: უნიტარულ და ფედერაციულ სახელმწიფოებად. უნიტარულ ქვეყნებში არსებული ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულები უშუალოდ ემორჩილებიან ცენტრალურ ხელისუფლებას. უნიტარულ სახელმწიფოთა შორის აღსანიშნავია ზოგიერთი ქვეყანა, რომელიც ხელისუფლების მმართველობის მაღალი დეცენტრალიზაციით ხასიათდება – დღეს ჩვენ სადღაც აქ ვართ, მაგრამ რადგან სხვა ფორმას ვეძებთ, ესე იგი არ მოგვწონს.

ფეისბუქი - Sputnik საქართველო
უკაცრავად, ხომ ჯანსაღად ხართ? ანუ მონარქია „ფეისბუქზე“

12) ფედერალიზმი – სახელმწიფოს მოწყობის ფორმა, რომლის დროს ქვეყნის ცალკეულ ნაწილებს მინიჭებული აქვთ შესამჩნევი თვითმმართველობა. უფრო ფართო გაგებით ფედერალიზმი ნიშნავს რაიმე ერთიანი სისტემის ისეთნაირად ორგანიზებას, რომ ამ სისტემის ცალკეულ ნაწილებს შესამჩნევი თავისუფლება უნარჩუნდებათ. ფედერაციული ქვეყნებია აშშ, კანადა, გერმანია, ბელგია, მალაიზია, ინდოეთი, სუდანი და ა.შ. – ერთ-ერთ ვარიანტად გამოდგება, მით უმეტეს, საქართველოში არსებულ ვითარებას თუ გავითვალისწინებთ.

13) ტოტალიტარიზმი – ანტიდემოკრატიული პოლიტიკური წყობა, რეჟიმი, რომლის დროსაც სახელმწიფო სრულად არის გაბატონებული საზოგადოებასა და პიროვნებაზე. იგი მიისწრაფის საზოგადოების ყველა სფეროზე კონტროლის დამყარებისკენ – ესეც გავიარეთ და, მგონი, აღარ გვინდა.

კარგად თუ დავუკვირდებით, აქ ჩამოთვლილთაგან საჩვენოს ამორჩევა ძალიან უნდა გაგვიჭირდეს. რატომო, მკითხავთ და ვეცდები გიპასუხოთ: რომ ვაკვირდები, ჯერ ის ვერ დაგვიდგენია – რა გვინდა. ძაღლის თავიც აქ არის დამარხული! როცა ამას გავარკვევთ, მერე ვიფიქროთ მმართველობის ფორმაზეც და სხვა  დანარჩენზეც.

ყველა ახალი ამბავი
0