თბილისი, 7 ივლისი — Sputnik. საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ დეპუტატ სოფო ქაცარავას ხელმძღვანელობით მინსკში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიური სესიის ფარგლებში რამდენიმე ორმხრივი შეხვედრა გამართა, ნათქვამია საქართველოს პარლამენტის პრეს-სამსახურის განცხადებაში.
უკრაინის, გერმანიის და პორტუგალიის დელეგაციების ხელმძღვანელებთან ქართველმა კანონმდებლებმა ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილეს.
„ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში თანამშრომლობის ახალ და საინტერესო გეგმებზე, ევროინტეგრაციის პროცესში საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებსა და მათი მხარდაჭერის საკითხებზე მსჯელობას დაეთმო გერმანიის დელეგაციასთან გამართული შეხვედრა“, — განაცხადა ქაცარავამ.
დეპუტატის თქმით, უკრაინულ დელეგაციასთან შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა საერთო ინტერესები და გამოწვევები განიხილეს, მათ შორის, ევროატლანტიკური მისწრაფებები.
„დავსახეთ თანამშრომლობის ახალი მიზნები და მათი განხორციელების მნიშვნელობაზე ვისაუბრეთ“, — განაცხადა ქაცარავამ.
რაც შეეხება პორტუგალიურ დელეგაციასთან შეხვედრას, მასზე კონფლიქტების მშვიდობიანი დარეგულირების საკითხებზე იმსჯელეს.
„ჩვენი ყველა შეხვედრის მიზანია გავზარდოთ საქართველოს როლი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში, გავაძლიეროთ ურთიერთობები ჩვენს პარტნიორებთან, დავიცვათ ასამბლეის მიერ აღიარებული პრინციპები და ვიზრუნოთ სტაბილურობასა და უსაფრთხოებაზე“, — განაცხადა სოფიო ქაცარავამ.
საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში საქართველოს მუდმივმოქმედი დელეგაციის ინიციატივით ხუთშაბათს გაიმართა კონფერენცია სახელწოდებით „საქართველოს პარლამენტის როლი OGP-ის სამოქმედო გეგმის განხორციელებისთვის“.
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია მინსკში იმყოფება, სადაც 5 ივლისს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის 26-ე ყოველწლიური სესია გაიხსნა. საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარების სტრატეგიების განსახილველად მინსკში მსოფლიოს ათობით ქვეყნის სამასზე მეტი პარლამენტარი შეიკრიბა. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის საზაფხულო სესია 9 ივლისს დასრულდება.
2016 წლის ივნისში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიური სესია საქართველოში გაიმართა. მაშინ თბილისში 57 ქვეყნის 600 დელეგატი შეიკრიბა. ეს ღონისძიება იმითაც იყო მნიშვნელოვანი, რომ მასზე საპარლამენტო ასამბლეის ახალი პრეზიდენტი — კრისტინ მუტონენი აირჩიეს.
გარდა ამისა, ბოლო პლენარულ სხდომაზე დეპუტატებმა მიიღეს თბილისის დეკლარაცია „25-წლიანი საპარლამენტო თანამშრომლობა: ნდობის შენება დიალოგით“, რომელიც მოიცავს სესიის დროს მიღებულ 19 რეზოლუციას. დოკუმენტი შეიცავს ეუთოს მინისტრთა საბჭოსთვის განკუთვნილ რეკომენდაციებს.