თბილისი, 7 ივლისი — Sputnik. საქართველოს ხელისუფლება შავ ზღვაში ნავთობის მოძიებასა და მოპოვებაზე ტენდერის გამოცხადებას აპირებს, განუცხადა "Sputnik-საქართველოს" ენერგეტიკის სამინისტროს ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს ხელმძღვანელმა გიორგი ტატიშვილმა.
ამჟამად შავი ზღვის რუმინეთისა და ყირიმის შელფზე ბუნებრივი აირი მოიპოვება, საქართველოში კი ეს პოტენციალი გამოყენებული არ არის.
"ჯერჯერობით თავს შევიკავებ თარიღის (ტენდერის გამოცხადების) დასახელებისგან, რადგან ჯერ ამ ტენდერთან დაკავშირებულ ყველა შესაძლო ვითარებას განვიხილავთ, მათ შორის გეოლოგიურ პერსპექტივებს, შავ ზღვაში მუშაობასთან დაკავშირებულ სიძნელეებს, ეკოლოგიურ ასპექტებს — ამ ყველაფერს განვიხილავთ, მხოლოდ შემდეგ დაიწყება დისკუსიები ტენდერის გამოცხადების თაობაზე", — განაცხადა ტატიშვილმა.
იგეგმება ღია საერთაშორისო კონკურსის გამოცხადება საქართველოს ე.წ. შავი ზღვის ბლოკებზე, დააზუსტა მან.
"საქართველოს მთელი ტერიტორია, შავი ზღვის შელფის ჩათვლით, დაყოფილია სალიცენზიო ბლოკებად, უბნებად. ესაა სხვადასხვა პარამეტრების ტერიტორიები. თითოეულ ბლოკზე ნახშირწყალბადების, ანუ ნავთობისა და გაზის მოძიებასა და მოპოვებაზე ცალკე ტენდერი ცხადდება. ტენდერის გამარჯვებული იღებს მოძიების ექსკლუზიურ უფლებას და, ადგილმდებარეობის აღმოჩენის შემთხვევაში — მოპოვების უფლებას", — აღნიშნა ტატიშვილმა.
საქართველოს ხელისუფლება ტენდერის გამოცხადებას აპირებს ინვესტორების მოზიდვისთვის, რომლებიც ქვეყნის ტერიტორიაზე ნახშირწყალბადების მოძიებასა და მოპოვებაში ფინანსებს ჩადებენ. საბადოს აღმოჩენის შემთხვევაში ინვესტორი სახელმწიფოს კონტრაქტის საფუძველზე მოპოვებულ ნახშირწყალბადებს გაუყოფს.
ნავთობისა და გაზის ამერიკული კომპანიის Anadarko მონაცემებით, რომელმაც 2000-2009 წლებში დაზვერვითი სამუშაოები ჩაატარა, საქართველოს შავი ზღვის აკვატორიაში არის დაახლოებით 140 მლნ ტონა ნავთობის მოპოვების პერსპექტიული რესურსები.
"ესაა შეფასებული რესურსები ორ კონკრეტულ უბანზე, მაგრამ იქ არის ღრმაწყლოვანი უბნებიც, სადაც რესურსები შეფასებული არ არის", — აღნიშნა ტატიშვილმა.
საქართველოს ნავთობის პოტენციალი
ტატიშვილი დარწმუნებულია, რომ ნავთობის მოძიება და მოპოვება საქართველოში პერსპექტიული დარგია.
"წარმატებული დაზვერვითი სამუშაოების შემთხვევაში შესაძლებელია ახალი საბადოების აღმოჩენა. ნავთობი, რომელიც დღეს საქართველოში მოიპოვება, 1970-იან წლებში აღმოაჩინეს. ამჟამად საქართველოში დაახლოებით 40 ათასი ტონა ნავთობი მოიპოვება, ნაწილი ექსპორტზე გადის, ნაწილი კი ადგილზე მუშავდება", — განაცხადა ტატიშვილმა.
საქართველოს აქვს ნავთობისა და გაზის როგორც მარაგი, ისე მოპოვების რესურსები, აღნიშნა მან.
"აქ ძალზე მნიშვნელოვანია ტერმინოლოგია. არის ნახშირწყალბადების მარაგები, არის რესურსები. მარაგებს თავისი კატეგორიები აქვს — ესაა მარაგები, რომლებიც მოიპოვება, ასევე — რომლებიც არ მოიპოვება. რაც შეეხება რესურსებს, ესაა ნახშირწყალბადების დაახლოებითი რაოდენობა, რომლებიც, შესაძლოა, წიაღშია", — განმარტა ტატიშვილმა.
2017 წლის 1 იანვრის მონაცემებით, საქართველოს ტერიტორიაზე პერსპექტიული რესურსებია 168 მლნ ტონა ნავთობი.
"168 მლნ ტონა ნავთობი — ეს პესიმისტური მონაცემებია, ანუ მინიმალური მონაცემები. ჩვენი ოპტიმალური პერსპექტიული რესურსებია — 913 მლნ ტონა ნავთობი, ხოლო ოპტიმისტური — 4 მილიარდი ტონა ნავთობი", — აღნიშნა ტატიშვილმა.
რაც შეეხება მარაგებს, სააგენტოს ხელმძღვანელმა თავი შეიკავა ამ მონაცემების გამჟღავნებისგან, რადგან ამაზე კერძო კომპანიებს უკვე ლიცენზია აქვთ აღებული და ეს შეიძლება კომერციული საიდუმლო იყოს.
შედარებისთვის: ამჟამად აზერბაიჯანში ნახშირწყალბადების მარაგები ნავთობის ეკვივალენტში 4 550 მლნ ტონას შეადგენს, ხოლო პროგნოზირებადი ნახშირწყალბადების მარაგების მოცულობა ნავთობის ეკვივალენტში — 5 450 მლნ ტონას.
საქართველო წელიწადში მოიხმარს დაახლოებით 2,5 მლრდ კუბომეტრ ბუნებრივ აირს და დაახლოებით 1,2 მლნ ტონა ნავთობპროდუქტებს. ნახშირწყალბადების იმპორტირება ძირითადად ხდება აზერბაიჯანიდან, რუსეთიდან, რუმინეთიდან და ბულგარეთიდან.