თბილისი, 29 სექტემბერი — Sputnik. ყულევში აზერბაიჯანული სახელმწიფო კომპანია SOCAR-ის ნავთობტერმინალში სხვადასხვა სახეობის ნავთობპროდუქტების მისაღებად, შესანახად და გადასატვირთად ახალი კომპლექსი ააშენეს.
ტერმინალზე დამატებითი პარკის მშენებლობა 2015 წელს დაიწყო.
ახალი სარეზერვუარო პარკი 60 ათასი კუბომეტრი საერთო ტევადობის ექვსი რეზერვუარისგან შედგება. ობიექტი, რომელიც აშენდა სხვადასხვა სახეობის პროდუქციის მისაღებად, შესანახად და გადასატვირთად, ორიენტირებულია კასპიის რეგიონიდან ნავთობპროდუქტების, ასევე პიროლიზის პროდუქტების, იზოპროპილური სპირტისა და სამრეწველო ზეთების მიღებასა და შემდგომ ექსპორტზე.
სხვადასხვა სახის ნავთობპროდუქტების (ბენზინი, ნავთობი, დიზელი, საავიაციო ნავთი და სხვა) მისაღებად, შესანახად და გადასატვირთად გამიზნული კომპლექსის სიმძლავრე მომავალში, სავარაუდოდ, წელიწადში1,5 მლნ ტონას მიაღწევს.
ყულევის ტერმინალის ჯამური სიმძლავრე წელიწადში 10 მლნ ტონაა. „სოკარმა“ ტერმინალის სიმძლავრის გაზრდის შესახებ განცხადება მიმდინარე წლის თებერვალში გააკეთა. ტერმინალი ექსპლუატაციაში 2008 წლის მაისში შევიდა.