თბილისი, 5 ივლისი — Sputnik. შავიზღვისპირეთში შტორმი დილიდან 5 ბალს აღწევს, აცნობა „Sputnik–საქართველოს“ ბათუმის ბულვარის სამაშველო სამსახურის წარმომადგენელმა.
შტორმის გამო პლაჟზე წითელი ალმები დადგეს, რაც იმის მაუწყებელია, რომ ბანაობა სარისკოა და აკრძალულია.
„დილიდან 4-5 ბალის სიმძლავრის შტორმი ფიქსირდება. ცურვის აკრძალვა ჩვენ არ შეგვიძლია, მაგრამ ვაფრთხილებთ დამსვენებლებს, რომ ზღვაში შესვლა უსაფრთხო არაა. მხოლოდ დღეს ათი ადამიანის გადარჩენა შევძელით“, — განუცხადა „Sputnik–საქართველოს“ სამაშველო სამსახურის წარმომადგენელმა და დასძინა, რომ პლაჟზე საკმაო რაოდენობის ადამიანი იმყოფება.
ბათუმის პორტის კაპიტანმა თენგიზ გადილიამ, თავის მხრივ, „Sputnik–საქართველოს“ განუცხადა, რომ გემებს ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე შეუძლიათ გასვლა ან შემოსვლა პორტში.
უამინდობა აჭარას აქტიური ტურისტული სეზონის დაწყებისთანავე დაატყდა თავს. დასავლეთ საქართველოს რამდენიმე ქალაქში ძლიერი წვიმა მოვიდა.
40-გრადუსიანი სიცხის შემდეგ ქართველი სინოპტიკოსები ტემპერატურის დაცემას, ზოგ რაიონში კი წვიმას და ქარს პროგნოზირებენ.