თბილისი, 28 ივნისი — Sputnik. "ურალის ავიახაზებმა" მოსკოვი–ბათუმის რეისი საჰაერო ხომალდის ტექნიკური გაუმართაობის გამო 9 საათის დაგვიანებით განახორციელა, იუწყება ტელეკომპანია "რუსთავი2".
თვითმფრინავმა, რომელიც მოსკოვის "დომოდედოვოს" აეროპორტიდან ორშაბათს გამოფრინდა, მინვოდში საგანგებო დაშვება განახორციელა. მგზავრები სასტუმროში მოათავსეს. მოგვიანებით ისინი ბათუმში სხვა თვითმფრინავით გამოამგზავრეს.
"როდესაც უკვე ბათუმში ვეშვებოდით, თვითმფრინავმა მკვეთრად აკრიფა სიმაღლე და გააგრძელა ფრენა მინვოდის მიმართულებით. პილოტმა მოგვაწოდა ინფორმაცია, რომ კურსის შეცვლის მიზეზი ტექნიკური გაუმართაობაა. იგივე გვითხრეს მინვოდშიც. უფრო ზუსტი ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რა მოხდა, ჯერჯერობით არ გვაქვს", — განაცხადა ერთ-ერთმა მგზავრმა ნატალია დუბროვინამ.
როგორც "Sputnik–საქართველოს" ბათუმის აეროპორტში განუცხადეს, თვითმფრინავი 11:40 საათზე უნდა ჩამოფრენილიყო. მოსკოვი-ბათუმის ფრენის ხანგრძლივობა 2:20 საათია. "ურალის ავიახაზები" რეისს კვირაში ოთხჯერ ახორციელებს.
თვითმფრინავის ბორტზე იმყოფებოდა 156 მგზავრი და ეკიპაჟის 6 წევრი.