თბილისი, 5 ივლისი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და ვენეციის კომისიის პრეზიდენტმა ჯანი ბუკიკიომ სატელეფონო საუბრისას განიხილეს განახლებული კონსტიტუციის პროექტი, რომელშიც სხვა ცვლილებებთან ერთად საარჩევნო სისტემის შეცვლაც არის გათვალისწინებული.
კონსტიტუციის ცვლილებები პარლამენტმა სამიდან ორი მოსმენით უკვე დაამტკიცა, თუმცა მას მხარს არ უჭერენ არც პრეზიდენტი, არც ოპოზიცია, არც ავტორიტეტული არასამთავრობო ორგანიზაციები.
საქართველოში ბოლო ვიზიტისას, ივნისში ბუკიკიომ განაცხადა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების წარმოდგენილ ვარიანტს ლეგიტიმაციის დეფიციტი ექნება, თუ მმართველი პარტია "ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო" დოკუმენტს სხვა პარტიებთან კონსენსუსის მიღწევის გარეშე მიიღებს.
ბუკიკიომ კვირიკაშვილს მადლობა გადაუხადა საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესში აქტიური ჩართულობისა და იმ ნაბიჯებისთვის, რომელსაც ხელისუფლება ფართო კონსენსუსის მიღწევის მიზნით დიალოგის გაგრძელების მიმართულებით დგამს, ნათქვამია საქართველოს მთავრობის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
ვენეციის კომისიის პრეზიდენტმა პოზიტიურად შეაფასა ის ფაქტი, რომ საქართველოში მისი ვიზიტის შემდეგ კონსენსუსის მიღწევის მიზნით მმართველმა პარტიამ პროექტში ცვლილებების შეტანა გადაწყვიტა. კერძოდ, პარტიებს შესაძლებლობა ექნებათ – მათი მერობის კანდიდატი წარმოდგენილი იყოს საკრებულოს საარჩევნო სიაშიც.
"ამ ცვლილებას ოპოზიციური პარტიებისთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა", — აღნიშნულია განცხადებაში.
ჯანი ბუკიკიომ საუბრის დასასრულს განაცხადა, რომ დღეს კიდევ უფრო პოზიტიურად არის განწყობილი და იმედი გამოთქვა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესში ჩართული ყველა სუბიექტი გადადგამს კონკრეტულ ნაბიჯებს იმისთვის, რათა მომდევნო მოწვევის პარლამენტი მეტად პლურალისტური გახდეს, აღნიშნეს მთავრობის პრეს-სამსახურში.
კვირიკაშვილმა, თავის მხრივ, ბუკიკიოს ამ პროცესში აქტიური მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
საკონსტიტუციო კომისიამ საკონსტიტუციო ცვლილებებზე მუშაობა 2017 წლის მაისში დაასრულა. დაგეგმილი ცვლილებების თანახმად, 150 დეპუტატისგან შემდგარი პარლამენტი აირჩევა არა დღეს არსებული შერეული სისტემით — 77 დეპუტატი პროპორციული სიებით და 73 — ერთმანდატიანით, არამედ მთლიანად პროპორციულით. ვენეციის კომისიამ ეს დადებითად შეაფასა, თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ სიახლე ძალაში შევა არა 2020 წლის არჩევნებისთვის, არამედ 2024 წელს. აღნიშნული გარემოება ვენეციის კომისიის, ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების უკმაყოფილების მთავარ მიზეზს წარმოადგენს.
საარჩევნო სისტემის ცვლილებისა და სხვა სიახლეების გარდა საქართველო მთლიანად საპარლამენტო რესპუბლიკა ხდება.
იცვლება ქვეყნის პრეზიდენტის არჩევის სისტემაც. თუ აქამდე პრეზიდენტს მოსახლეობა პირდაპირი წესით ირჩევდა, ახლა მას 300 ხმოსანი აირჩევს. ხმოსნების შემადგენლობაში შევლენ პარლამენტის დეპუტატები, აჭარისა და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოების წევრები და რეგიონების თვითმმართველობების წარმომადგენლები.
ამასთან, იზრდება პრეზიდენტობის კანდიდატის მინიმალური ასაკი 35-დან 40 წლამდე.
მთავარ ნიუანსს ასევე წარმოადგენს კონსტიტუციაში ჩანაწერი უცხოელებისთვის მიწის მიყიდვის აკრძალვის შესახებ. მანამდე მსგავსი ფორმულირება ქვეყნის მთავარ კანონში არ იყო.
კიდევ ერთ სიახლეს წარმოადგენს ქორწინების ფორმულირება — ახალი ვერსიით, ქორწინება ქალისა და მამაკაცის კავშირია.