კვირიკაშვილს განახლებული კონსტიტუციის პროექტი მოსწონს

© Sputnik / Denis Aslanovგიორგი კვირიკაშვილი
გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი დარწმუნებულია, რომ მმართველი პარტია ქვეყნის ძირითადი კანონის სრულყოფას ცდილობს.

თბილისი, 30 ივნისი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის მნიშვნელობა, რომელიც, სხვა ცვლილებებთან ერთად, საარჩევნო სისტემას ეხება.

კონსტიტუციის ცვლილებები პარლამენტმა ორი მოსმენით უკვე დაამტკიცა, თუმცა მას მხარს არ უჭერს არც პრეზიდენტი, არც ოპოზიცია, არც ავტორიტეტული არასამთავრობო ორგანიზაციები.

მეტიც, ვენეციის კომისიის პრეზიდენტმა ჯანი ბუკიკიომ, რომელიც საქართველოში იმყოფება, განაცხადა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების წარმოდგენილ ვარიანტს ლეგიტიმაციის დეფიციტი ექნება, თუ მმართველი პარტია "ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო" დოკუმენტს სხვა პარტიებთან კონსენსუსის მიღწევის გარეშე მიიღებს.

"უმნიშვნელოვანესი, ყველაზე მთავარი გადაწყვეტილება, რომ ქვეყანა გადავიდეს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე, მიღებულია სწორედ ჩვენი გუნდის პოლიტიკური ნებით. იმ გადაწყვეტილების გამო, რომ ჩვენ 2024 წელს გადავალთ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე, 2020 წლის ერთი მოწვევის პარლამენტისთვის საარჩევნო ბარიერი 3%-მდე დაიწევს. ასე, რომ უამრავი კომპრომისული ნაბიჯი გადაიდგა ჩვენი გუნდის მიერ იმისათვის, რომ მონახულიყო ნიადაგი პოლიტიკური კონსენსუსისთვის", — განაცხადა კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე.

ჯანი ბუკიკიო - Sputnik საქართველო
ბუკიკიოს საკონსტიტუციო ცვლილებების ლეგიტიმაციაში ეჭვი ეპარება

პრემიერი დარწმუნებულია, რომ მომავალი კონსტიტუცია დემოკრატიის მოთხოვნებთან სრულ შესაბამისობაში იქნება.

"ჩვენ გვექნება კონსტიტუცია, რომელიც სწორედ ჩვენი გუნდის პოლიტიკური ნებით დაიხვეწა და აბსოლუტურ შესაბამისობაში იქნება ყველაზე მაღალ დემოკრატიულ სტანდარტებთან, რომლებიც დღეს არსებობს მსოფლიოში და განსაკუთრებით ევროპაში", — აღნიშნა კვირიკაშვილმა.

2016 წლის ბოლოს პარლამენტის გადაწყვეტილებით შექმნილმა საკონსტიტუციო კომისიამ საკონსტიტუციო ცვლილებებზე მუშაობა მაისში დაასრულა. დაგეგმილი ცვლილებების თანახმად, 150 დეპუტატისგან შემდგარი პარლამენტი აირჩევა არა შერეული სისტემით — 77 დეპუტატი პროპორციული სიებით და 73 — ერთმანდატიანით, არამედ მთლიანად პროპორციულით. ვენეციის კომისიამ ეს დადებითად შეაფასა, თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ სიახლე ძალაში შევა არა 2020 წლის არჩევნებისთვის, არამედ 2024 წელს. აღნიშნული გარემოება ვენეციის კომისიის, ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების უკმაყოფილების მთავარ მიზეზს წარმოადგენს.

საარჩევნო სისტემის ცვლილებისა და სხვა სიახლეების გარდა, საქართველო მთლიანად საპარლამენტო რესპუბლიკა ხდება.

იცვლება ქვეყნის პრეზიდენტის არჩევის სისტემაც. თუ აქამდე პრეზიდენტს მოსახლეობა პირდაპირი წესით ირჩევდა, ახლა მას 300 ხმოსანი აირჩევს. ხმოსნების შემადგენლობაში შევლენ პარლამენტის დეპუტატები, აჭარისა და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოების წევრები და რეგიონების თვითმმართველობების წარმომადგენლები.

ამასთან, იზრდება პრეზიდენტობის კანდიდატის მინიმალური ასაკი 35-დან 40 წლამდე.

მთავარ ნიუანსს ასევე წარმოადგენს კონსტიტუციაში ჩანაწერი უცხოელებისთვის მიწის მიყიდვის აკრძალვის შესახებ. მანამდე მსგავსი ფორმულირება ქვეყნის მთავარ კანონში არ იყო.

კიდევ ერთ სიახლეს წარმოადგენს ქორწინების ფორმულირება — ახალი ვერსიით, ქორწინება ქალისა და მამაკაცის კავშირია.

ყველა ახალი ამბავი
0