2016 წლის დეკემბერში გამოცემა New York Post-მა გამოაქვეყნა სტატია იაპონიაში ადამიანების შესახებ, რომლებიც უჩინარდებიან. ისტორია მოგვითხრობს იმ იაპონელთა შესახებ, რომლებმაც დაკარგეს სამსახური, ოჯახი ან საზოგადოების მხრიდან პატივისცემა. ისინი სამუდამოდ ტოვებენ სახლს, რათა სირცხვილს დაემალონ.
მიიჩნევენ, რომ საზოგადოების პატივისცემის დაკარგვა ყველაზე საშინელი რამაა, რაც იაპონელის ცხოვრებაში შეიძლება მოხდეს. ასეთი ვითარებიდან გამოსავალს ძალიან ბევრი თვითმკვლელობაში ხედავს. ამას სტატისტიკაც ადასტურებს. ყოველწლიურად იაპონიაში დაახლოებით 25-27 ათასი ადამიანი იკლავს თავს. აქედან უმეტესობა მამაკაცია, რომლებმაც ოჯახის წინაშე ფინანსური ვალდებულება ვერ შეასრულეს.
მაგრამ ყველა იაპონელი ვერ ბედავს სიცოცხლის თვითმკვლელობით დასრულებას, ბევრი სხვა გზას ირჩევს — სამუდამოდ გაუჩინარდეს ოჯახისა და ახლობლების ცხოვრებიდან.
როგორ შეიძლება გაუჩინარდე
იაპონიაში არ არის შიდა პასპორტები და სოციალური დაზღვევის ნომრები. პოლიციას უფლება არა აქვს, მოითხოვოს ინფორმაცია საბანკო ბარათების გადახდების შესახებ. ქვეყანაში უგზო-უკვლოდ დაკარგული ადამიანების ერთიანი ბაზაც კი არ არსებობს. პოლიციის სავარაუდო მონაცემებით, იაპონიაში ყოველწლიურად 80-100 ათასი ადამიანი უკვალოდ ქრება.
ასეთი ადამიანების გადაადგილებისთვის თვალყურის მიდევნება არავის შეუძლია, ასე რომ, სრულებით გაუჩინარება იქ ძალზე ადვილია. უფრო მეტიც, "გაუჩინარებულის" ოჯახი პოლიციაში ადამიანის დაკარგვის შესახებ არც კი აცხადებს. როგორც წესი, ნათესავები ფიქრობენ, რომ მან რთული ცხოვრებისეული ვითარების გამო თავი მოიკლა.
იაპონურ კულტურაში, სადაც ადამიანის მთელი სიცოცხლე საზოგადოებაში მის რეპუტაციაზეა დამოკიდებული, მიიჩნევა, რომ საზოგადოების მხრიდან ნდობადაკარგულ ადამიანს არჩევნის გაკეთება უწევს – გახდეს ოჯახის სირცხვილი, ან გაქრეს და თავისი სირცხვილი თან წაიღოს. თუმცა ყველა იაპონელი გაუჩინარების ტრადიციას ნორმალურად არ მიიჩნევს, ზოგი თვლის, რომ იაპონიის ხელისუფლებას ამ პრობლემის გადაჭრა შეუძლია მის წინაპირობებში გარკვევის შემთხვევაში.
სად უჩინარდებიან
ფრანგმა ჟურნალისტმა ლენა მოჟემ ჩაატარა გამოძიება. მან 2008 წელს "აორთქლებული ადამიანების" ფენომენის შესახებ გაიგო და შემდეგი ხუთი წელი თავის კოლეგა სტეფან რემელთან ერთად ინფორმაციას აგროვებდა. მათი თქმით, გაუჩინარებულების უმრავლესობა სანიას რაიონში ცხოვრობს — ესაა ჯურღმულები ტოკიოს ფარგლებში, რომელსაც რუკაზე ვერც კი იპოვი. იმის გამო, რომ ეს რაიონი დედაქალაქის იერსახეს ამახინჯებს, დაახლოებით 40 წლის წინ ის რუკებიდან ამოიღეს. ტოკიოს მოსახლეობა ამ რაიონს მაწანწალებისა და დამნაშავეების ქალაქს უწოდებს.
მიუხედავად იმისა, რომ "გამქრალები" თავისი ქვეყნის მოქალაქეებად რჩებიან, ბევრი მათგანი არალეგალური მიგრანტის მაგვარად ცხოვრობს, ანუ ასრულებენ ნებისმიერ მძიმე და დაბალანაზღაურებად სამუშაოს, ან იაკუძას — იაპონურ მაფიას მიმართავენ. ამ რაიონში ცხოვრება უწევთ სულ პატარა ბინძურ ოთახებში, სადაც, ჩვეულებრივ, არ არის ინტერნეტი და ცალკე ტუალეტი.
ზოგიერთი რჩება თავის ქალაქში, შოულობს არაპრესტიჟულ სამუშაოს და ცდილობს არ მოხვდეს თავისი ოჯახის წევრებისა და მეგობრების თვალში.
იაპონელებისთვის "გაუჩინარებულების" თემა აკრძალულია. ქვეყნის მოსახლეობასა და, განსაკუთრებით, შუახნისა და ასაკოვან ადამიანებს ურჩევნიათ ისე მოიქცნენ, თითქოს ეს პრობლემა საერთოდ არ არსებობს. ამიტომ ამ ფენომენზე ცოტას ლაპარაკობენ.
1990-იანი წლების ბოლოს იაპონური ტელევიზიის ეთერში გამოჩნდა რეალურ გაუჩინარებებზე დაფუძნებული სერიალი Flight by Night. შოუ იმ დროის ჰიტი გახდა და ფენომენის მთელი სპეციფიკა ყველაზე სრულად ასახა.
ერთადერთი ფართოდ ცნობილი წიგნი "გაუჩინარებულების" შესახებ არის ჟურნალისტების ლენა მოჟესა და სტეფან რემელის წიგნი The Vanished: The "Evaporated People" of Japan in Stories and Photographs. წიგნში აღწერილია გაუჩინარებულებისა თუ მათი ნათესავების რეალური ისტორიები.
მაგალითად, წიგნში მოთხრობილია 66 წლის კაძუფუმის ცხოვრების შესახებ, რომელიც წარმატებული ბროკერი იყო, მაგრამ ერთხელაც ინვესტიციებში 3 მლნ აშშ დოლარი დაკარგა. კაძუფუმის ოჯახიდან და კრედიტორებისგან გაქცევა მოუწია. თავდაპირველად ქუჩაში ცხოვრობდა, მაგრამ შემდეგ სანიას ჯურღმულებიდან ნაგვისა და ცხედრების გატანის პატარა კანტორის ორგანიზება შეძლო. შემდეგ დაიწყო სხვა ადამიანების დახმარება გაუჩინარებაში. სწორედ ის იყო სერიალის Flight by Night რეჟისორების კონსულტანტი.
20 წლის მასაო საპატიმროდან გამოსვლის შემდეგ ოჯახს აღარ დაბრუნებია, რადგან არ სურდა მშობლებს მისი შერცხვენოდათ. ისიც სანიაში წავიდა საცხოვრებლად.
ოტაკუ, როგორც გაქცევის ახალი ფორმა
ახალგაზრდა იაპონელების უმრავლესობა "გაუჩინარებას" ფეოდალური წარსულის გადმონაშთად და ოჯახისა და სოციუმის წინაშე სირცხვილის გრძნობისგან გათავისუფლების არცთუ საუკეთესო საშუალებად მიიჩნევს. ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ იაპონურ კულტურაში ერთგვაროვნება დღემდე ინდივიდუალობაზე უფრო მნიშვნელოვანი რჩება, მათთვის, ვისაც სხვაგვარად ცხოვრება სურს, გამოსავალი არის.
იმის ნაცვლად, რომ ოჯახსა და მეგობრებს დაემალონ, იაპონელებს შეუძლიათ გახდნენ ოტაკუ — ანუ ადამიანები, რომლებიც საყვარელი ანიმე-პერსონაჟის სახით პარალელური ცხოვრებით ცხოვრობენ. ზოგიერთი ოტაკუ იცვამს კოსტიუმს, პოულობს საკუთარ თავს და დროდადრო ალტერნატიულ რეალობაში იკარგება.
ზოგიერთი ოტაკუ განდეგილის ცხოვრებით ცხოვრობს და სახლიდან არ გადის. სხვები დროს მუდმივად ტოკიოს რაიონ აკიჰაბარის კლუბებში ატარებენ, სადაც იყიდება კომპიუტერული ტექნიკა, ანიმე და სხვა საქონელი ოტაკუსთვის.
კლუბები და საზოგადოებები ოტაკუსთვის იაპონიაში ჯერ კიდევ 1980-იანი წლების დასაწყისში გაჩნდა. მას შემდეგ მოძრაობა ოტაკუ იმდენად პოპულარული გახდა, რომ, 2011 წელს იაპონიაში ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, 20-დან 30 წლამდე ასაკის ყოველი მეოთხე იაპონელი თავს ოტაკუდ მიიჩნევს.