თბილისი, 1 თებერვალი — Sputnik. იაპონიის მოსახლეობა, რომელიც დღეისათვის 127 მლნ კაცს შეადგენს, 2053 წლისთვის 100 მილიონზე ნაკლები იქნება, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროსთან არსებულ სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტზე დაყრდნობით, რომელიც მოსახლეობისა და სოციალური დაზღვევის საკითხებზე მუშაობს.
ინსტიტუტი კვლევას ხუთ წელიწადში ერთხელ ატარებს. წინა კვლევასთან შედარებით მოსახლეობის შემცირების პროცესი მცირედ შენელდა. მანამდე მეცნიერები ფიქრობდნენ, რომ 100 მილიონზე დაბალ ნიშნულს იაპონია 2048 წლისთვის მიაღწევდა.
ირკვევა, რომ მოსახლეობის კლების პროცესი ახალგაზრდების მხრიდან ქორწინებისა და შობადობის საკითხების მიმართ დადებითი ტენდენციის გამო შენელდა.
მიუხედავად ამისა, პროგნოზს მაინც არ შეიძლება ეწოდოს ოპტიმისტური. არსებული ტემპებით 2065 წლისთვის იაპონიის მოსახლეობა 88 მლნ კაცამდე შემცირდება.