თბილისი, 8 იანვარი — Sputnik. იაპონიაში ერთი წლის განმავლობაში მკვეთრად, თითქმის 77%-ით გაიზარდა სიფილისით დაავადებულთა რაოდენობა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости იაპონურ სააგენტო „კიოდოზე“ დაყრდნობით.
იაპონურმა სააგენტომ აღნიშნული მონაცემები ჯანდაცვის, შრომისა და კეთილდღეობის სამინისტროს ექსპერტებისგან მიიღო.
ექსპერტებმა, თავის მხრივ, ქვეყნის საავადმყოფოების სტატისტიკის გამოყენებით დაითვალეს, რომ 2016 წლის დეკემბრის დასაწყისში სიფილისის დიაგნოზის მქონე პაციენტების რაოდენობა 4259 კაცს აღწევდა მაშინ, როცა 2015 წელს მხოლოდ 2412 ასეთი ავადმყოფი იყო.
კვლევაში დაფიქსირდა ბავშვის დედისგან დასნებოვნების შემთხვევათა ზრდა, რაც მანამდე იაპონიაში უკიდურესად იშვიათ შემთხვევათა რიცხვს მიეკუთვნებოდა.
სიფილისის მკვეთრად გავრცელების მიზეზი ქვეყანაში ჯერჯერობით არ არის დადგენილი, თუმცა ვარაუდობენ, რომ ეს ყველაფერი დაავადების მაღალი მაჩვენებლის მქონე ქვეყნებიდან უცხოელი ტურისტების გაზრდილ რაოდენობას და ასევე ახალგაზრდებში სექსუალური ქცევის ცვლილებას უკავშირდება.