ელიავას ბაზრობაზე გაჩენილი ხანძარი კვლავ აღელვებს საზოგადოებას. სოციალურ ქსელებში წერენ, რომ ხანძარი, შესაძლოა, ვინმეს წინასწარი განზრახვით გაეჩინა. იხილეთ "Sputnik-საქართველოს" ფოტომასალა, თუ რა ხდება სინამდვილეში დამწვარ ბაზრობაზე და მის მიმდებარედ.
ელიავას ბაზრობაზე ხანძრის გაჩენის შემდეგ სოციალურ ქსელებში არ წყდება განხილვა, თუ რას შეეძლო გამოეწვია აალება ერთ-ერთ სავაჭრო პავილიონში, სადაც ცეცხლი მხოლოდ შენობის მეოთხედს მოედო.
ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციები ხანძრისა და მისი შედეგების შესახებ, ზოგიერთი პოლიტიკოსისა და საზოგადო მოღვაწის მოსაზრება გახდა იმის მიზეზი, რომ საზოგადოების ნაწილს მიაჩნია – ბაზრობას დიდი ზარალი მიადგა.
ისმის მოსაზრებებიც, რომ ელიავაზე ხანძარი განგებ გააჩინეს, რათა ბაზრობა სხვა ადგილზე გადაიტანონ და ტერიტორია კომერციული მშენებლობისთვის გაათავისუფლონ.
თუმცა, ავტონაწილების, საავტომობილო ზეთებისა და აქსესუარების პავილიონი ელიავას მასშტაბებთან შედარებით იმდენად პატარა იყო, რომ ხანძრის გაჩენა არ ასახულა მასზე, ბაზრობა ახლა ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას.