საქართველოში ინდოელი ბიზნესმენი არ შემოუშვეს: შსს განმარტებებს აკეთებს

© Sputnik / Alexander Imedashviliთბილისის საერთაშორისო აეროპორტი
თბილისის საერთაშორისო აეროპორტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ინდოეთის მოქალაქე საქართველოში ორი წლის განმავლობაში ბიზნესით არის დაკავებული, თუმცა ქვეყანაში შემოსვლაზე მას უარი უთხრეს.

თბილისი, 4 ივლისი — Sputnik. ინდოეთის მოქალაქის, ბიზნესმენ აკბარ ქუშერის ქვეყანაში შემოსვლაზე უარის გამო საქართველოს შსს-ში კომენტარი გააკეთეს.

სამშაბათს ტელეკომპანია Rustavi2-მა განაცხადა, რომ თბილისის აეროპორტის მესაზღვრეებმა არ შემოუშვეს ქვეყანაში ინდოეთის მოქალაქე, რომელიც საქართველოში ორი წლის განმავლობაში ბიზნესით არის დაკავებული და 10-ზე მეტ ობიექტში ინვესტიციებს ახორციელებდა. ქუშერის ადვოკატმა მანანა აფხაძემ შსს-ს გენერალურ ინსპექციას მომხდარის გარკვევის თხოვნით მიმართა.

„საქართველოში ტურისტებისა და სხვა ვიზიტორების მზარდი რაოდენობის პარალელურად, ბუნებრივია, არის ცალკეული შემთხვევები, როდესაც უცხო ქვეყნის მოქალაქეს, კანონით გათვალისწინებული პროცედურებისა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, უარი ეთქმის ქვეყანაში შემოსვლაზე", — ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

უწყების მონაცემებით, 2017 წლის ივნისში საქართველოს სახელმწიფო საზღვარი ინდოეთის 6517 მოქალაქემ გადმოკვეთა.

საქართველოს საზღვრის კვეთის პროცედურები განსაკუთრებულად კონტროლდება ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის ამოქმედების შემდეგ, აღნიშნავენ შსს-ში.

ისლამური სახელმწიფოს დროშა - Sputnik საქართველო
საქართველოში წლის განმავლობაში ქვეყანაში შემოსვლაზე უარი 750 ადამიანს ეთქვა

„საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთისას, მესაზღვრე-კონტროლიორს გააჩნია კანონით მინიჭებული უფლება, უარი უთხრას უცხო ქვეყნის მოქალაქეს საქართველოში შემოსვლაზე, როდესაც მოქალაქე არ იძლევა დამაჯერებელ პასუხებს ინტერვიუს დროს ან უფლებამოსილ პირს აძლევს ყალბ ინფორმაციას მგზავრობის მიზნის შესახებ", — განაცხადეს შსს-ში.

სასაზღვრო-გამტარ პუნქტებში მოქალაქეების შემოწმება ხდება საყოველთაოდ აღიარებული მეთოდების გამოყენებით. იგივე პროცედურები უტარდებათ საქართველოს მოქალაქეებს სხვა ქვეყნების საზღვრების კვეთის დროს, დასასრულს აღნიშნეს სამინისტროში.

სამშაბათს ასევე ცნობილი გახდა, რომ აკბარ ქუშერი ინდოეთის ერთადერთი მოქალაქე არ არის, რომელსაც საქართველოში შესვლაზე უარი უთხრეს. ივნისის ბოლოს საქართველოში შესვლაზე უარი ეთქვა ინდოეთის მოქალაქეს ხუშბუ კაუშალს, რომელსაც საქართველოს მონახულება ტურისტული მიზეზით სურდა. ის ცხრა საათის განმავლობაში თბილისის აეროპორტში გააჩერეს, შემდეგ კი სამშობლოში დააბრუნეს.

ყველა ახალი ამბავი
0