პეტრე ოცხელის 30 უნიკალური ნამუშევრის რესტავრაცია იწყება

© photo: Sputnik / Levan Avlabreliხელოვნების მუზეუმი
ხელოვნების მუზეუმი - Sputnik საქართველო
გამოწერა
პეტრე ოცხელის ნამუშევრების რესტავრაცია 2017 წლის სექტემბერში დასრულდება.

თბილისი, 3 ივლისი — Sputnik. თბილისის ხელოვნებათა სასახლეში ცნობილი ქართველი თეატრალური მხატვრისა და სცენოგრაფის პეტრე ოცხელის უნიკალური ნამუშევრების რესტავრაცია მიმდინარეობს.

ისტორიული პროექტის ფარგლებში საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის მუზეუმი აპირებს ჩაატაროს ოცხელის 30 ნამუშევრის რესტავრაცია, რომლებიც აქამდე ფართე საზოგადოებას არ უნახავს.

მათ შორის — კოსტიუმების ესკიზები, სპექტაკლების სცენოგრაფია, ინტერიერის და ექსტერიერის ჩანახატები. ხშირად ოსტატი ტილოს ორივე მხარეს ხატავდა.

ნამუშევრები მხატვარმა სხვადასხვა წლებში შექმნა. აღსანიშნავია ისეთი ნახატების მნიშვნელობა, როგორებიცაა კოტე მარჯანიშვილთან მუშაობისას 1931 წელს შექმნილი სპექტაკლ "ოტელოს" ესკიზი, ასევე 1932 წლის "მშენებელი სოლნესი".

მოქანდაკე ნინო წერეთელი - Sputnik საქართველო
პირველი მოქანდაკე ქალი საქართველოში: გამოფენა ხელოვნების მუზეუმში

ხელოვნებათა სასახლეში ოცხელის 320-ზე მეტი ნამუშევარი ინახება. ეს პეტრე ოცხელის ყველაზე დიდი კოლექციაა.

რესტავრაციის პროცესი მარტის ბოლოდ დაიწყო და 2017 წლის სექტემბერში დასრულდება. რესტავრაციის დასრულების შემდეგ ოცხელის რესტავრირებული ნახატების ექსპოზიციის მოწყობა იგეგმება.

პეტრე ოცხელი დაიბადა ქუთაისში, მხატვრული განათლება თბილისის სამხატვრო აკადემიაში მიიღო, სადაც 1925 წლიდან სწავლობდა. 1927 წელს თბილისის მუშათა თეატრში ანატოლი ლუნაჩარსკის სპექტაკლი "ცეცხლის გამჩაღებლები" პირველად გააფორმა. 1928 წელს კოტე მარჯანიშვილთან ერთად მხატვარ-დეკორატორის ამპლუაში ქუთაისში მეორე სახელმწიფო თეატრის შექმნაში მონაწილეობდა (ამჟამად კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრი) და რამდენიმე სპექტაკლი გააფორმა.

თეკლა მელაძე გამოფენაზე - Sputnik საქართველო
„არტექსპო ნიუ-იორკის“ ისტორიაში ყველაზე პატარა ქართველი მხატვარი და VIP სტუმარი

ოცხელი რუსეთშიც მუშაობდა — კორშის მოსკოვის რუსულ დრამატულ თეატრში, რომელიც 1882-1933 წლებში არსებობდა, და რუსეთის სახელმწიფო მცირე თეატრში.

1937 წელს პეტრე ოცხელი სახელმწიფო ღალატის ყალბი ბრალდებით დააპატიმრეს და 2 დეკემბერს დახვრიტეს. მხატვრის საფლავის ადგილმდებარეობა დღესაც უცნობია.

საინტერესოა, რომ სწორედ ქართველი მხატვრის პეტრე ოცხელის შემოქმედება გახდა საქართველოს პირველი ვირტუალური გამოფენა Google-ის კულტურული ინსტიტუტის პლატფორმაზე — ეს არის გლობალური ინტერაქტიური საგანმანათლებლო ონლაინ-პროექტი, რომელიც ქსელში მთელი ცივილიზაციის კულტურული მემკვიდრეობის დანახვას უმაღლესი რეზოლუციით უზრუნველყოფს.

წელს საქართველოში პეტრე ოცხელის დაბადებიდან 110 წელი და გარდაცვალებიდან 80 წელი აღინიშნება.

ყველა ახალი ამბავი
0