კუკავა: არასაპარლამენტო ოპოზიციას მერობის ერთიანი კანდიდატი სჭირდება

გამოწერა

ნატა პატარაია

პარტია „თავისუფალი საქართველო" არასაპარლამენტო ოპოზიციას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე თბილისის მერის ერთიანი კანდიდატის წამოყენებას სთავაზობს,  განუცხადა პარტიის თავმჯდომარე კახა კუკავამ „Sputnik-საქართველოს“.

„სამწუხაროდ „თავისუფალი საქართველო“ ჯერჯერობით ერთადერთი პარტიაა, რომელიც არასაპარლამენტო ოპოზიციის მხრიდან ერთიანი კანდიდატის ინიციატივით გამოდის. სხვა პარტიების მხრიდან  დიდი მხარდაჭერით ეს იდეა არ სარგებლობს“, — აღნიშნა კახა კუკავამ.

კუკავას აზრით, მართალია, ოპოზიციურ პარტიებს შორის უფრო მეტი ამომრჩეველი „ნაციონალურ მოძრაობას“ ჰყავს, მაგრამ ოპოზიციის ერთიან კანდიდატს გამარჯვების შანსი ამ პარტიის გარეშეც ექნებოდა.

ყოფილმა მმართველმა პარტია „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ თბილისის მერობის კანდიდატად ტელეკომპანია Rustavi2-ის ყოფილი წამყვანი ზაალ უდუმაშვილი წარადგინა.

ზაალ უდუმაშვილი - Sputnik საქართველო
ნაცმოძრაობამ ზაალ უდუმაშვილი თბილისის მერობის კანდიდატად ოფიციალურად წარადგინა

„თავისუფალი საქართველოს“ ლიდერი მიიჩნევს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“  მიერ ზაალ უდუმაშვილის კანდიდატურის წამოყენება მერად და არა ელისაშვილის, ან ნებისმიერი სხვა დამოუკიდებელი კანდიდატის მხარდაჭერა, ნიშნავს, რომ ნებსით თუ უნებლიეთ, ისინი  ზუსტად იგივე თამაშს თამაშობენ, რასაც ბოკერიას ფრთა და ხელს უწყობენ მმართველი პარტიის  კანდიდატის გამარჯვებას.

„მიხეილ სააკაშვილის მხრიდან უდუმაშვილის კანდიდატურა სტრატეგიული და ტაქტიკური შეცდომაა. სააკაშვილი  დაწვრილმანდა  და დღეს მისი მთავარი მოწინააღმდეგე არის არა ბიძინა ივანიშვილი, არამედ  გიგა ბოკერია.  სააკაშვილს  უნდა, რომ ბოკერიას გაუსწოროს ანგარიში“, — აღნიშნა კახა კუკავამ.

მისი თქმით,  „ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ ვერც უდუმაშვილი და ვერც სხვა რომელიმე  პარტიის კანდიდატი „ქართულ ოცნებას“ დღევანდელ მოცემულობაში ვერ აჯობებს,  მმართველი პარტია თავისი ფინანსური და ადმინისტრაციული რესურსებით ხმების 30-35 %-ს მოაგროვებს. ხოლო „ნაცმოძრაობა“ კი,  სადღაც, 20%-მდე აიღებს.  დანარჩენი ხმები  სხვა ძალებზე განაწილდება. მეორე ტურში „ნაცმოძრაობას“ ხმების იგივე რაოდენობა დარჩება, „ქართულ ოცნებას“ კი  რომც არაფერი დაემატოს, უკვე არსებული მხარდამჭერების რაოდენობა ეყოფა გასამარჯვებლად. 

კახა კალაძე და გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
თბილისის მერის პოსტზე კალაძეს ოფიციალურად 1 ივლისს წარადგენენ

რაც შეეხება ნაცმოძრაობისგან გამოყოფილ პარტიას  „ევროპული საქართველო —  მოძრაობა თავისუფლებისთვის“, კახა კუკავას აზრით, მათი მხარდამჭერების რაოდენობა 2-3%-ზე მეტი არ იქნება. 

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ორად  მას შემდეგ გაიყო, რაც „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველომ“ გასული წლის საპარლამენტო არჩევნებზე  დიდი სხვაობით გაიმარჯვა. პარტიამ თბილისი მერობის კანდიდატად დეპუტატი ელენე ხოშტარია დაასახელა.

„ის ფრთა, რომელიც ბოკერიას ფრთის სახელწოდებითაა ცნობილი, „ქართული ოცნების“ მიმართ უფრო ლოიალურია და, ასე ვთქვათ, მმართველი პარტიის გეგმებს არ უპირისპირდება. ამიტომ მათი მხრიდან  მოულოდნელი არც საკუთარი კანდიდატის წამოყენება ყოფილა“, — აღნიშნა კუკავამ.

„ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“ კი ვიცე-პრემიერს, ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძეს თბილისის მერის პოსტზე ოფიციალურად 1 ივლისს წარადგენს.

საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნები ოქტომბრის მესამე კვირის ბოლოს გაიმართება,
საქართველოს მოქალაქეები თბილისის მერსა და კიდევ 11 ქალაქისა და რაიონის მერებს აირჩევენ. არსებული კანონმდებლობით, წინასაარჩევნო კამპანია არჩევნების თარიღამდე 60 დღით ადრე უნდა დაიწყოს. მერების არჩევნების პარალელურად საკრებულოების არჩევნებიც გაიმართება

ყველა ახალი ამბავი
0