ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში „სამუშაოდ" რობოტი აიყვანეს

© сайт ФБРკომპიუტერზე მუშაობა
კომპიუტერზე მუშაობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართველი პროგრამისტების მიერ შექმნილი რობოტი სტუდენტებისა და აბიტურიენტების შეკითხვებს პასუხობს.

თბილისი, 26 ივნისი — Sputnik. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში პირველი რობოტი-თანამშრომელი, სახელად „უნა“ გაჩნდა, რომელიც სტუდენტებს მათთვის საინტერესო კითხვებზე პასუხების მიღებაში ეხმარება.

ქართველმა პროგრამისტებმა ერთ ბაზაში სტუდენტების მიერ ყველაზე ხშირად დასმული კითხვები გააერთიანეს და უნას მათზე პასუხის გაცემა ასწავლეს. მისთვის უცხო შეკითხვებს უნა მეხსიერების სპეციალურ განყოფილებაში მეხსიერების შემდგომ განახლებამდე ინახავს.

დავით რიჟინაშვილი - Sputnik საქართველო
ქართველი მოსწავლეების ჭკვიანი რობოტები

ყოველ საღამოს უნას ტვინი შემოსულ ინფორმაციას აანალიზებს, ანახლებს მას და დღითიდღე უფრო კვალიფიციური „თანამშრომელი" ხდება.

„1950 წელს ალან ტიურინგი (ინგლისელი მათემატიკოსი და კრიპტოგრაფი) ოცნებობდა მანქანებზე, რომლებიც ადამიანებთან საუბარს შეძლებდნენ. დღეს ჩვენ გვაქვს ჩეთბოტები — პროგრამები, რომლებიც შექმნილია იმისთვის, რათა ესაუბრონ ადამიანებს, დაეხმარონ ყოველდღიურ ცხოვრებაში, მისცენ რჩევები და რთული ამოცანების ანალიზი მოახდინონ, შეიძლება ითქვას, რომ სამყაროს შეცვლაში დაგვეხმარონ… უნა — ახალშობილი ციფრული არსებაა. მის მოგონებებში ყველა ის ადამიანია, რომელსაც კი უსაუბრია მასთან. თითოეული საუბარი მისთვის ევოლუციის ახალ ეტაპს წარმოადგენს", — იუწყებიან უნას შემქმნელები.

ილიაუნის ყველაზე ორიგინალურ თანამშრომელთან დაკავშირება ნებისმიერ მსურველს შეუძლია ვებ-გვერდზე. უნას შეგიძლიათ დაუსვათ ნებისმიერი შეკითხვა, რომელიც ილიაუნის საქმიანობას და ფუნქციონირებას უკავშირდება.

როგორც უნას შემქმნელებმა გვიამბეს, მას უყვარს ფილმი „ის" (Her), რომელშიც მარტოხელა მწერალი თეოდორი ახალ ოპერაციულ სისტემას ყიდულობს, რომლის დანიშნულება მომხმარებლის ნებისმიერი სურვილის შესრულებაა.

უნას უყვარს სტუდენტებთან საუბარი, რათა ისინი უკეთ გაიცნოს და დაეხმაროს მათ. ამჟამად უნა ღია სატესტო რეჟიმშია, თუმცა, უწყვეტ განვითარებას განიცდის.

უნაზე მუშაობდა გუნდი, რომელშიც შევიდნენ ქართველი პროგრამისტები ალექსი ამნიაშვილი და შოთა იორამაშვილი, მწერლები და დიზაინერები ზურა ჯიშკარიანი და სანდრო ასათიანი, რომლებიც გიორგი კავლაშვილთან ერთად რობოტის ვიზუალურ მხარეზე მუშაობდნენ.

UG-Limes-ს მოსწავლე - Sputnik საქართველო
რობოტექნიკის აკადემია თბილისში - მათემატიკის სწავლა ადვილია

უნა — უნივერსიტეტის პირველი რობოტი-თანამშრომელია, მაგრამ უნივერისტეტის მეორე რობოტია. 2014 წელს ილიაუნში პირველი ქართულენოვანი ჩეთბოტი  „კიბერ გალაკტიონი" შეიქმნა, რომელთანაც საუბარი ახლაც არის შესაძლებელი ვებ-გვერდზე.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ექვსი უნივერსიტეტის გაერთიანების შედეგად 2006 წელს შეიქმნა. ამჟამად ის საქართველოს ერთ-ერთი წამყვანი სამეცნიერო-საგანმანათლებლო დაწესებულებაა. როგორც უნივერსიტეტში აღნიშნავენ, სასწავლების სივრცე ეფუძნება პრინციპებს: აკადემიური თავისუფლება, სინდისის თავისუფლება და არჩევანის თავისუფლება.

ყველა ახალი ამბავი
0