თბილისი, 14 ივნისი — Sputnik. მარათონში "სმარტ-რობოტები" 15-მდე მოსწავლე მონაწილეობდა, აცნობა "Sputnik-საქართველოს" ღონისძიების ერთ-ერთმა მონაწილემ დავით რიჟინაშვილმა.
მაღალი კლასების მოსწავლეებს იდეის შექმნაზე, შემდეგ კი მის განხორციელებაზე ორი დღე-ღამის განმავლობაში ლამის შესვენების გარეშე მოუწიათ მუშაობა.
"მეგობარ გიორგი კლდიაშვილთან ერთად შევქმენით რობოტი, რომელსაც ქალაქის რუკის შექმნა და სხვადასხვა ადგილებში ჰაერის დაბინძურების დონის გაზომვა შეუძლია. ჩვენმა გამოგონებამ მესამე ადგილი დაიკავა", — განაცხადა დათო რიჟინაშვილმა.
პირველი ადგილი ერგო გიორგი ღონღაძის გამოგონებას. ეს არის რობოტი-გამნაღმველი, რომელიც ავტომატურად ეძებს ნაღმებს და ყოველგვარი ადამიანური რესურსის გარეშე ახდენს მათ ლიკვიდაციას. ასეთ რობოტს შეუძლია კაცობრიობას მსოფლიოში 110 მილიონი ნაღმის ლიკვიდაციაში დაეხმაროს.
მეორე ადგილი წილად ხვდა რობოტ-corner-ს, რომელსაც შეუძლია დაიაროს ოთახი და ააგოს წინაღობების 2D/3D რუკა.
მარათონი "სმარტ-რობოტები" ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიისა (Fablab Iliauni) და არაკომერციული სტუდენტური ორგანიზაციის (EduBot/ედუბოტი) ორგანიზებით გაიმართა.