წელს ირანიდან საქართველოს გავლით 200 000 ტონა ტვირთის გადაზიდვა განხორციელდება

© photo: Sputnik / Igor Mixalev / გადასვლა მედიაბანკშირკინიგზა
რკინიგზა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ინდოეთიდან და სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან ტვირთების მოსაზიდად საქართველომ, ირანმა, აზერბაიჯანმა, უკრაინამ და პოლონეთმა სარკინიგზო გადაზიდვებისთვის ერთიანი სატარიფო სისტემა უნდა შეიმუშაონ.

თბილისი, 22 ივნისი — Sputnik. ახალი სარკინიგზო დერეფნის „სამხრეთი-დასავლეთის" საშუალებით, რომლითაც ევროპის მიმართულებით ინდოეთიდან და სპარსეთის ყურიდან ტვირთების გადაზიდვა გახდება შესაძლებელი, 2017 წლის ბოლომდე 200 000 ტონა ტვირთის გადაზიდვა იგეგმება.

ასეთი გადაწყვეტილება მიიღეს საქართველოს, ირანის, აზერბაიჯანის, უკრაინისა და პოლონეთის რკინიგზების ხელმძღვანელებმა ბაქოში, სადაც ახალი სარკინიგზო დერეფნის „სამხრეთი-დასავლეთის" განვითარების პერსპექტივები და უპირატესობები განიხილებოდა, ნათქვამია სს „საქართველოს რკინიგზის" ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

რკინიგზა - Sputnik საქართველო
ბაქოში სარკინიგზო ხაზების ხელმძღვანელები „სამხრეთი-დასავლეთის" დერეფანს განიხილავენ

შეხვედრის მონაწილეებმა მარშრუტის გაფართოების შესახებ გადაწყვეტილება მიიღეს — ისინი მიიჩნევენ, რომ სარკინიგზო დერეფანი „ინდოეთი — სპარსეთის ყურე — ირანი — აზერბაიჯანი — საქართველო — უკრაინა — ევროპა" გადაზიდვების ოპტიმიზაციასა და მონაწილე ქვეყნების სატრანზიტო პოტენციალის გაზრდას შეუწყობს ხელს.

ამჟამად ინდოეთიდან და სპარსეთის ყურიდან ევროპის მიმართულებით ტვირთების გადაზიდვა საზღვაო გზით 30-40 დღის განმავლობაში ხორციელდება, ხოლო ახალი სარკინიგზო დერეფნის ამოქმედებისას დღეების რაოდენობა 15-მდე შემცირდება.

ახალი პროექტის ფარგლებში ახალი დერეფნით გადაზიდვებისას ერთიანი სატარიფო სისტემის შექმნა იგეგმება.

საქართველოს რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა მამუკა ბახტაძემ შეხვედრაზე აღნიშნა, რომ „სამხრეთი-დასავლეთის" მარშრუტით ტვირთების გადაზიდვისას საქართველოს რკინიგზას მინიმალური ტარიფი აქვს.

„გადაზიდვისას ყველაზე მინიმალური ტარიფი საქართველოს რკინიგზას აქვს. შიდა გადაზიდვების ღირებულებაც კი უფრო ძვირია, რაც ხაზს უსვამს იმას, თუ როგორი პრიორიტეტულია ჩვენი კომპანიისათვის აღნიშნული მარშრუტი", — აღნიშნა ბახტაძემ.

მისი თქმით,  მარშრუტის განვითარებისათვის, სამომავლოდ კრიტიკულად მნიშვნელოვანია ინდოეთის ინტეგრაცია.

„ასევე, აუცილებელია კონკრეტულ ციფრებსა და ამოცანებზე ფოკუსირება, რადგან ბაზარი ამ ლოგისტიკურ პროდუქტს ელოდება", — განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

კახა კალაძე - Sputnik საქართველო
კალაძე: "ფრონტერამ" ისეთ მოცულობებზე გააკეთა განცხადება, რომელიც თურქმენეთსაც არ აქვს

აღნიშნული საკითხების განსახილველად საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი ინდოეთში ერთობლივი ვიზიტის დაგეგმვისა და ადგილობრივ ბიზნეს-წრეებთან შეხვედრის ინიციატივით გამოვიდა.

ბაქოში მიღებული შეთანხმების თანახმად, სტრატეგიულად მნიშვნელოვანი საკითხებისა და მარშრუტის განვითარების პერსპექტივების საკითხებს „სამხრეთი-დასავლეთის" მარშრუტის საკოორდინაციო კომიტეტი განიხილავს. შესაძლო დაბრკოლებების თავიდან ასაცილებლად, კომიტეტთან შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც აზერბაიჯანის, საქართველოს, ირანის, პოლონეთისა და უკრაინის რკინიგზების წარმომადგენლებისაგან დაკომპლექტდება.

შეხვედრის დასასრულს მხარეებმა შემაჯამებელ პროტოკოლს ხელი მოაწერეს. საკოორდინაციო კომიტეტის მორიგი შეხვედრა 2017 წლის სექტემბერში უკრაინაში, ქალაქ ოდესაში გაიმართება.

სარკინიგზო დერეფნის შექმნის იდეა საქართველოს ეკუთვნის. იდეა 2016 წელს გაჩნდა, როდესაც ირანს საერთაშორისო სანქციები მოუხსნეს. პროექტის განხორციელების შემთხვევაში ირანის, აზერბაიჯანისა და საქართველოს გავლით ინდოეთიდან და სპარსეთის ყურიდან ევროპის მიმართულებით ტვირთების გადაზიდვა უფრო იაფი და სწრაფი გახდება.

ყველა ახალი ამბავი
0