თბილისი, 5 თებერვალი — Sputnik. კომპანია "ფრონტერას" მიერ გავრცელებული ინფორმაციის დასამტკიცებლად საჭიროა მილიარდობით დოლარის ღირებულების ინვესტიცის განხორციელება, განაცხადა საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ.
იანვრის შუა რიცხვებში, კომპანია „ფრონტერამ“ თავის ვებგვერდზე გააკეთა განცხადება, რომ მიმდინარე სამუშაოების მსვლელობისას, კახეთის რეგიონში 5,3 ტრილიონი კუბამეტრის გაზის რესურსი აღმოჩინა. ამის შემდეგ მედიაში აქტიურად დაიწყეს საკითხის განხილვა საქართველოს გაზის კოლოსალურ მარაგებზე.
"ისეთ მოცულობებზე იყო საუბარი, რომელიც თურქმენეთსაც და სხვადასხვა ქვეყანას, ვინც ნავთობის და გაზის მოპოვებით არის დაკავებული, არ გააჩნიათ. შეიძლება მიწის ქვეშ რაღაც გარკვეული მარაგი იყოს, თუმცა ამის დასამტკიცებლად მილიარდობით ინვესტიციის განხორციელებაა საჭირო. დამტკიცების შემთხვევაში, მერე უნდა იყოს გადაწყვეტილება მიღებული, თუ რამდენად სწორი იქნება კომერციულად, ფინანსურად ბიზნესის თვალსაზრისით, ამ გაზის ამოღება", — განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, "ფრონტერა" საქართველოში 20 წელია მოღვაწეობს და მათ მიერ წარმოდგენილ ლიცენზიაში, რომელიც ყოველწლიურად ახლდება, ამ სამუშაოების განხორციელებაზე არანაირი წინადადება არ არის.
საქართველოს გაზისა და ნავთობის კპრპორაციის ინფორმაციით, „ფრონტერას“ გაზის დადასტურებული მარაგები საქართველოში 1 მილიარდ 925 მილიონ კუბამეტრს შეადგენს.