თბილისი, 20 ივნისი — Sputnik. ქართველმა მარკეტოლოგებმა ორი ჯილდო მოიპოვეს კრეატიულობის „კანის ლომების“ ფესტივალზე (Cannes Lions International Advertising Festival, IAF), რომელიც კანში 17-24 ივნისს იმართება.
წარმატება მოიპოვა ქართული სარეკლამო სააგენტოს Windfor`s ნამუშევარმა Dinner With Georgia. სარეკლამო რგოლი ერთი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს მედლით დაჯილდოვდა. ეს არის პირველი ვერცხლის ლომი ქართულ სარეკლამო ინდუსტრიაში.
ვიდეორგოლში ასახულია საქართველოში 2016 წელს მეექვსმემილიონე ჰოლანდიელი ტურისტის ჯესპერ ბლეკის სტუმრობა. რეკლამაში ჯესპერს ხვდებიან როგორც საპატიო სტუმარს: პოლიციის ესკორტის თანხლებით ძვირადღირებული ავტომობილით მიჰყავთ, მისი ფოტო კი ფილარმონიის ეკრანზე ჩნდება. საპატიო სტუმარს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მთაწმინდის პარკში მდებარე რესტორანში სავახშმოდ ეპატიჟება, საიდანაც ღამის თბილისის საოცარი ხედები იშლება.
ვახშამზე ჯესპერს ეროვნულ ცეკვებსა და ქართულ მრავალხმიანობას, ქართულ ტრადიციულ სამზარეულოს აცნობენ და ქართული მეღვინეობის ისტორიის მცირე ექსკურსს უტარებენ. შემდეგ ჰოლანდიელი საქართველოს სხვადასხვა ულამაზეს კუთხეში — აჭარაში, კახეთში, მთის კურორტებზე მიდის სამოგზაუროდ და ტკბება ქართული ბუნების, ისტორიული ტაძრებისა თუ ძეგლების სილამაზით. ვიდეორგოლი ბლეკის აღიარებით სრულდება, რომ საქართველოს გაცნობა მის ცხოვრებაში ყველაზე საოცარი თავგადასავალი იყო.
ეს „კანის ლომებზე“ ქართული რეკლამის პირველი წარმატება არ არის. 2015-2016 წლებში კანის კრეატიულობის ფესტივალზე ქართული სარეკლამო კომპანია Leavingstone ორჯერ გახდა „ბრინჯაოს ლომის“ მფლობელი.