ამ ინფორმაციით არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტია „დემოკრატიული მოძრაობა" დაინტერესდა და იუსტიციის სამინისტროს შესაბამისი წერილითაც მიმართა. იმის შესახებ, რა პასუხი მიიღო უწყებისგან პარტიამ და რა დასკვნების გაკეთების საფუძველს იძლევა მიღებული სტატისტიკური ინფორმაცია, „Sputnik–საქართველოს" პარტიის წევრი დიმიტრი ლორთქიფანიძე ესაუბრა.
– ბატონო დიმიტრი, იუსტიციის სამინისტროდან გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, რამდენ პირს აქვს მიღებული საქართველოს მოქალაქეობა და რომელი ქვეყნებიდან?
— 15 ივნისს, ორთვიანი დაგვიანებით, მრავალგზის შეხსენების შემდეგ, როგორც იქნა, მოვიდა წერილი სერვისების განვითარების სააგენტოდან უცხოელთათვის მოქალაქეობისა და ბინადრობის რეგისტრაციის სტატისტიკაზე 2012-17 წლებში. საჯარო რეესტრი კი ჯერჯერობით არ ჩქარობს ვალდებულების შესრულებას გაყიდული მიწების რაოდენობისა და მათი უცხოელი მფლობელების შესახებ საჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებით.
მიღებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ 2012-2017 წლებში საქართველოს მოქალაქეობა მიენიჭა 32 017 პირს. აქედან, მაგალითად, აშშ-ის მოქალაქე იყო 1686 პირი; აზერბაიჯანის — 500; გერმანიის – 111; დიდი ბრიტანეთის — 255; ესპანეთის — 108; თურქეთის — 3135; ირანის — 192; ისრაელის — 1188; რუსეთის — 19597; საბერძნეთის — 1290; სომხეთის — 1122; უკრაინის — 734; ჩინეთის — 3; ყაზახეთის – 223.
პირველი, რაც აქ თვალშისაცემია, ის არის, რომ 99% შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეობა რატომღაც მინიჭებული აქვთ გამონაკლისის წესით. იქიდან გამომდინარე, რომ, კანონმდებლობის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტმა ქვეყნის მოქალაქეობა გამონაკლისის წესით შეიძლება მიანიჭოს სხვა ქვეყნის მოქალაქეს, რომელსაც საქართველოს წინაშე განსაკუთრებული დამსახურება აქვს, ან რომლისთვისაც საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარეობს, ისმის კითხვა, თუ რა დამსახურების გამო აქვს მინიჭებული უცხო ქვეყნის მოქალაქეების აბსოლუტურ უმეტესობას გამონაკლისის წესით მოქალაქეობა? რა უპირატესი ინტერესისა და მიზნის მისაღწევად გაუკეთა იგნორირება სახელმწიფომ ქართული ენის ისტორიისა და კანონმდებლობის ცოდნას, რაც ერთ-ერთი საჭირო და სავალდებულო კრიტერიუმია მოქალაქეობის მისაღებად?
– ბინადრობის უფლების შემთხვევაში რა მდგომარეობაა?
— 2012-2017 წლებში ბინადრობის რეგისტრაცია გაიარა 76 585 უცხოელმა. აქედან 1184 აშშ-ის მოქალაქეა, აზერბაიჯანის — 7264; ბელარუსის — 235; გერმანიის – 635; დიდი ბრიტანეთის — 657; ეგვიპტის — 1655; ერაყის — 2700; თურქეთის — 11136; ინდოეთის — 10630; ირანის — 5229; იტალიის — 239; ნიგერიის — 1416; პაკისტანის — 252; რუსეთის — 9515; საბერძნეთის – 295; საფრანგეთის — 247; სირიის – 544; სომხეთის — 4666; უზბეკეთის — 166; უკრაინის — 4278; ფილიპინების — 239; ყაზახეთის — 690; ყირგიზეთის — 115; შრი-ლანკას — 617; ჩინეთის — 8126 და ა.შ.
საგულისხმოა, რომ არსებობს ბინადრობის უფლების მინიჭების 10 შესაძლო ვარიანტი: ა) ყოფილი მოქალაქისთვის; ბ) დროებითი; გ) მოკლევადიანი; დ) მუდმივი; ე) მუდმივი საინვესტიციო; ვ) მუდმივი ცხოვრების უფლებით; ზ) ოჯახის გაერთიანების მიზნით; თ) სასწავლო; ი) სპეციალური; კ) შრომითი.
ჩამოთვლილთაგან უდიდესი ნაწილი მიეკუთვნება დ), ვ), ზ), კ) პუნქტებს. ბინადრობის სახეებს შორის კარგად ჩანს, რომ ზოგიერთი მათგანი პრაქტიკულად დუბლირებულია.
აქ ძირითადად ბინადრობის სამი ტიპი იკვეთება, კერძოდ: მუდმივი, შრომითი და საინვესტიციო ბინადრობა. რაც შეეხება სასწავლო ბინადრობას, ის აღებული აქვთ ძირითადად ინდოეთიდან ჩამოსულ სტუდენტებს, თუმცა აქაც დაახლოებით 30% მოდის მხოლოდ სწავლაზე, დანარჩენი 70% – სამუშაო, მუდმივი ან საინვესტიციო ტიპის ბინადრობის უფლებაა.
– თქვენი შეფასებით, რომელი ქვეყნების მოქალაქეებს აინტერესებთ ყველაზე მეტად საქართველო?
— ჩვენი ქვეყანა საინტერესოა ძირითად იმ ქვეყნებიდან ჩამოსული ადამიანებისთვის, რომელთა რიცხვშიც სჭარბობს აგრარულ სფეროში დასაქმებული ადამიანების რაოდენობა. ძირითადად ეს არის ინდოეთი, პაკისტანი, ირანი, შრი-ლანკა. როგორც მახსენდება, ეს არის იმ სახელმწიფოთა არასრული ჩამონათვალი, საიდანაც სწორედ აგრარულ სფეროში ბიზნესის განსახორციელებლად ჩამოდიან და ხშირ შემთხვეაში მათ აქ მოყვანილი პროდუქცია უკან გააქვთ, ამიტომ არ აისახება ეს ფინანსური მოგების კუთხით ჩვენზე მნიშვნელოვნად.
იუსტიციის სამინისტროს მიერ მოწოდებული სტატისტიკა მსჯელობის საგანია, თუმცა უფრო ზუსტი ანალიზის გაკეთება მას შემდეგ იქნება შესაძლებელი, როცა უწყება იმ მონაცემებსაც მოგვაწვდის, რომელიც უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე მიწის გასხვისებას ეხება.
ნატა პატარაია