თბილისი, 19 ივნისი — Sputnik. კრივის მსოფლიო ორგანიზაციამ (WBO) მსოფლიოს დროებითი ჩემპიონის ტიტული ჩამოართვა ქართველ სპორტსმენს ავთანდილ ხურციძეს, რომელიც აშშ-ში ორგანიზებულ დანაშაულებრივ დაჯგუფებასთან კავშირში ბრალდებით არის დაკავებული, ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
ხურციძე იმ 33 ადამიანს შორის აღმოჩნდა, რომელთაც ნიუ–იორკის პროკურატურამ დანაშაულებრივი სინდიკატის წევრობის ბრალდება წაუყენა. სულ ამ საქმეზე 15 ქართველი დააკავეს. ისინი რუსეთის „კანონიერ ქურდთან" რაჟდენ შულაიასთან კავშირში არიან მხილებული. 8 ივლისს ხურციძე ბრიტანელ მოკრივე ბილი ჯო სონდერსს უნდა შეხვედროდა და WBO International-ის ვერსიით მსოფლიო ჩემპიონის ქამრისთვის ებრძოლა, თუმცა შეჯიბრება გაუქმდა.
„ვინაიდან ავთანდილ ხურციძე ვერ ასრულებს საკუთარ ვალდებულებებს, როგორც WBO-ს დროებითი ჩემპიონი და რადგან გაუქმდა დაგეგმილი ორთაბრძოლა, ამ რეზოლუციით მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ საშუალო წონით კატეგორიაში დროებითი ჩემპიონის ადგილი გათავისუფლდეს", — ნათქვამია განცხადებაში.
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებისთვის ხურციძეს 10-დღიანი ვადა აქვს, წინააღმდეგ შემთხვევაში მსოფლიო ჩემპიონის ტიტულს ის სამუდამოდ დაკარგავს.
ხურციძესთან ერთად ნიუ-იორკის პოლიციამ დააკავა კიდევ ერთი ქართველი სპორტსმენი — შერეული საბრძოლო ხელოვნების Fight Nights Global ლიგის მოქმედი მებრძოლი ლევან მაყაშვილი, რომელიც სასმართლომ გირაოთი გაათავისუფლა.
როგორც გამოძიება ამტკიცებს, ე.წ. კანონიერმა ქურდმა შულაიამ აშშ-ში ბრაიტონ-ბიჩიდან ლას-ვეგასამდე შექმნა მსხვილი დანაშაულებრივი დაჯგუფება, რომელიც დაკავებული იყო ქრთამების მიცემით, აზარტული თამაშებითა და დაქირავებული მკვლელობებით. გამოძიება ამტკიცებს, რომ დანაშაულებრივმა დაჯგუფებამ მოაწყო პოკერის სათამაშო არალეგალური კლუბები ნიუ-იორკის ბრაიტონ-ბიჩის რაიონში, სადაც საბჭოთა კავშირიდან გამოსული ემიგრანტები ცხოვრობენ. ამავე დროს გადახდისუუნარო მოთამაშეებს შულაიას დაჯგუფებაში ითრევდნენ.
დამნაშავეები შეეცადნენ ატლანტიკ-სიტისა და ფილადელფიაში სამორინეების სისტემები გაეტეხათ, რათა სლოტ-მანქანები დაეპროგრამებინათ. ჯგუფი ასევე შეეცადა ღამის კლუბის გახსნას და იქ ნარკოტიკების გაყიდვის ორგანიზებას. ჯგუფის წევრები სხვადასხვა კომპანიების ტვირთებს იტაცებდნენ, კერძოდ, დადგენილია 5 ტონამდე შოკოლადის ნაწარმის პარტიის გატაცების ფაქტი.
გამოძიების მტკიცებით, დაჯგუფების წევრებს ყალბი დოკუმენტები ჰქონდათ და ისინი სამართალდამცველი ორგანოების წარმომადგენლების მოსყიდვას ცდილობდნენ.
დაკავებულებს ბრალი წაყენებული აქვთ სხვადასხვა მუხლებით – შეთქმულება შეკვეთილი მკვლელობის მიზნით, გამოძალვა, თაღლითობა, გატაცება.