თბილისი, 14 ივნისი — Sputnik. ნიუ-იორკის სასამართლომ გირაოს საფუძველზე გაათავისუფლა შერეული საბრძოლო ხელოვნების Fight Nights Global ლიგის მოქმედი სპორტსმენი ლევან მაყაშვილი, რომელიც აშშ-ში დანაშაულებრივ სინდიკატში წევრობის ბრალდებით დააკავეს, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.
ლევან მაყაშვილი და საშუალო წონით კატეგორიაში WBO International-ის ვერსიით მსოფლიო ჩემპიონი ავთანდილ ხურციძე იმ 33 ადამიანს შორის აღმოჩნდნენ, რომელთაც ნიუ–იორკის პროკურატურამ დანაშაულებრივი სინდიკატის წევრობის ბრალდება წაუყენა. სულ ამ საქმეზე 15 ქართველი დააკავეს. ისინი რუსეთის "კანონიერ ქურდთან" რაჟდენ შულაიასთან კავშირში არიან მხილებული.
რაც შეეხება ხურციძეს, ის პატიმრობაში რჩება.
როგორც გამოძიება ამტკიცებს, ე.წ. კანონიერმა ქურდმა შულაიამ აშშ-ში ბრაიტონ-ბიჩიდან ლას-ვეგასამდე შექმნა მსხვილი დანაშაულებრივი დაჯგუფება, რომელიც დაკავებული იყო ქრთამების მიცემით, აზარტული თამაშებითა და დაქირავებით მკვლელობებით. გამოძიება ამტკიცებს, რომ დანაშაულებრივმა დაჯგუფებამ მოაწყო პოკერის სათამაშო არალეგალური კლუბები ნიუ-იორკის ბრაიტონ-ბიჩის რაიონში, სადაც საბჭოთა კავშირიდან გამოსული ემიგრანტები ცხოვრობენ. ამავე დროს გადახდისუუნარო მოთამაშეებს შულაიას დაჯგუფებაში ითრევდნენ.
დამნაშავეები შეეცადნენ ატლანტიკ-სიტისა და ფილადელფიაში სამორინეების სისტემები გაეტეხათ, რათა სლოტ-მანქანები დაეპროგრამებინათ. ჯგუფი ასევე შეეცადა ღამის კლუბის გახსნას და იქ ნარკოტიკების გაყიდვის ორგანიზებას. ჯგუფის წევრები სხვადასხვა კომპანიების ტვირთებს იტაცებდნენ.
დაჯგუფების წევრებს ყალბი დოკუმენტები ჰქონდათ და ისინი სამართალდამცველი ორგანოების წარმომადგენლების მოსყიდვას ცდილობდნენ.
დაკავებულებს ბრალდებები წაყენებული აქვთ სხვადასხვა მუხლებით – შეთქმულება შეკვეთილი მკვლელობის მიზნით, გამოძალვა, თაღლითობა, გატაცება.