თბილისი, 17 ივნისი — Sputnik. თბილისელებსა და დედაქალაქის სტუმრებს ქალაქის წყალსატევებში მშვიდად ბანაობა შეუძლიათ, რადგან წყლის ქიმიური და ბაქტერიული პარამეტრები ნორმებს შეესაბამება, განუცხადა "Sputnik-საქართველოს" დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელმა პაატა იმნაძემ.
თბილისში ფუნქციონირებს სამი ბუნებრივი წყალსატევი პლაჟებით: თბილისის წყალსაცავი, კუს ტბა და ლისის ტბა.
„ბოლო მონაცემებით, დედაქალაქის წყალსატევებში ბაქტერიოლოგიური დაბინძურება არ აღინიშნება. ერთადერთი, რომ ლისის ტბაში მომატებულია სულფატების რაოდენობა. პრინციპში, იქ ბანაობა უსაფრთხოა, რადგან ბაქტერიოლოგიური დაბინძურება არ არის", — განაცხადა იმნაძემ.
ლისის ტბაში სულფატების მომატებული რაოდენობა ამ ტბაში მცენარეულობის დიდი რაოდენობით აიხსნება, აღნიშნა მან.
„ლისის ტბისთვის ეს ნორმალურია, იქ სულფატების რაოდენობა ყოველთვის მომატებულია. ადამიანებმა ეს წყალი არ უნდა გადაყლაპონ, რადგან სულფატებს გამხსნელი ეფექტი ახასიათებს. სხვა გვერდითი მოვლენები ამას არ მოყვება. თბილისელებს იქ ბანაობა მშვიდად შეუძლიათ", — განაცხადა იმნაძემ და დაამატა, რომ გარუჯვის მოყვარულებმა ზომიერება დაიცვან.
გარემოს ეროვნული სააგენტო საქართველოს წყალსატევებში წყლის ხარისხს პერიოდულად ამოწმებს.
„საბანაო სეზონის დაწყებისთანავე მაისში თბილისის სამივე წყალსატევის შემოწმებას ვიწყებთ. სინჯები ვიღებთ თვეში ერთხელ, ე.წ. საბანაო ზონებში, სადაც ორგანიზებულია პლაჟები. შემოწმება სექტემბრის ჩათვლით გრძელდება", — განუცხადა "Sputnik-საქართველოს" გარემოს ეროვნული სააგენტოს გარემოს დაბინძურების მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსმა მარინა არაბიძემ.
მაისში ჩატარებული შემოწმების მიხედვით, თბილისის წყალსატევებში წყალი დაბინძურებული არ არის, ხაზგასმით აღნიშნა მან.
„ჩატარდა შემოწმება 213 ქიმიური და სამი მიკრობიოლოგიური პარამეტრით. თბილისის წყალსატევებში ქიმიური და მიკრობიოლოგიური დაბინძურება არ დაფიქსირდა, თუმცა ლისის ტბაში მომატებულია სულფატების, კალციუმისა და მაგნიუმის კონცენტრაცია. თბილისის ზღვისა და კუს ტბის წყალი ნორმებს სრულად შეესაბამება", — განაცხადა არაბიძემ.
ლისის ტბაში სულფატების ნორმა ოთხჯერ არის გაზრდილი, კალციუმის — 1,8-ჯერ, მაგნიუმის — 1,4-ჯერ, დაამატა არაბიძემ.
„ეს სრულიად ნორმალურია ლისის ტბისთვის, მისი ბუნებრივი თავისებურებისთვის", — განაცხადა მან.
პლაჟზე დასვენების მოყვარულებს სპეციალისტები ურჩევენ თან იქონიონ მზის სათვალე, მზისგან დამცავი კრემი, პირსახოცი, სასმელი წყალი, თავსაბურავი და მეორე საცურაო კოსტიუმი.