თბილისი, 17 ივნისი — Sputnik. ბაქოში საერთაშორისო კონფერენცია „სამხრეთ კავკასია საერთაშორისო არენაზე: თანამშრომლობა რეგიონში და ირგვლივ“ გაიმართა, იუწყება „Sputnik-აზერბაიჯანი“.
ღონისძიების ორგანიზატორია აზერბაიჯანის პრეზიდენტთან არსებული სტრატეგიული კვლევების ცენტრი. ღონისძიება ჟურნალ Caucasus International-ის ხუთი წლის იუბილეს მიეძღვნა.
ღონისძიების გახსნისას სტრატეგიულ კვლევათა ცენტრის დირექტორმა ფარჰად მამედოვმა ისაუბრა ჟურნალის შექმნის ისტორიაზე და სამხრეთ კავკასიის შესწავლით დაკავებული მეცნიერებისა და ანალიტიკოსებისთვის მისი მნიშვნელობის შესახებ. მამედოვმა დამსწრე საზოგადოებას გააცნო რეგიონში არსებული სიტუაცია და იმ კონფლიქტების შესახებ ისაუბრა, რომლებმაც მეზობელ ქვეყნებს შორის საზღვრების დაკეტვა გამოიწვია.
მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის შესახებ საუბრისას მამედოვმა განაცხადა, რომ რეგიონში სტაბილურობის ძირითად საფრთხეს სომხურ-აზერბაიჯანული კონფლიქტი წარმოადგენს და ის ფაქტი, რომ ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარე ქვეყნების მონაწილეობით მიმდინარე მოლაპარაკებებს შედეგი არ მოუტანია.
თავის მხრივ, აზერბაიჯანში ევროკავშირის წარმომადგენლობის პოლიტიკური განყოფილების უფროსმა დენის დანიილიდისმა ევროკავშირისა და აზერბაიჯანს შორის მჭიდრო კავშირების შესახებ ისაუბრა და ის ვიზიტები გაიხსენა, რომლებიც ბოლო დროს მოლაპარაკებების მხარეებს შორის განხორციელდა.
ეუთოს მინსკის ჯგუფის ექს-თავმჯდომარემ, ექსპერტმა მეთიუ ბრაიზამ სიტყვით გამოსვლისას გაიხსენა, რომ ათი წლის წინ შემუშავდა მადრიდის დოკუმენტი, რომელიც ყარაბაღის კონფლიქტის მხარეებს შორის გარკვეულ ბალანს ქმნის.
„თუმცა პრობლემა იმაშია, რომ ორი ქვეყნის პრეზიდენტები ერთმანეთს არ ენდობიან. მთავარია, რომ მხარეებმა ერთმანეთის მიმართ დათმობებზე წავიდნენ“, — განაცხადა მან.
ბრაიზამ ასევე აღნიშნა, რომ კონფლიქტის მოგვარების ერთადერთი გზა — შუამავლობის ინსტიტუტი და რუსეთის ან აშშ-ის მხრიდან ლიდერობაა.
გარდა ამისა, ანალიტიკოსმა აღნიშნა, რომ კასპიის რეგიონში აშშ აქტიურად არ მოქმედებს. მისი თქმით, კასპიის რეგიონში ვაშინგტონის მთავარი ინტერესი — მისი სტაბილურობა და ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობაა.
შემდგომ პანელური მსჯელობა გაიმართა, სადაც სიტყვით გამოვიდნენ რუსეთის, საქართველოს, ჩინეთის, ირანის, ყაზახეთის და სხვა ქვეყნების ექსპერტები და პოლიტოლოგები.