თბილისი, 5 ივნისი — Sputnik. აზერბაიჯანს მიაჩნია, რომ აზერბაიჯანის მოქალქის ავღან მუხთარლის დაკავების საკითხის პოლიტიზირების მცდელობა არასწორია, იუწყება „Sputnik აზერბაიჯანი" აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ წარმომადგენელზე ხიკმეტ გაჯიევზე დაყრდნობით.
გასულ კვირას საქართველოში გავრცელდა ინფორმაცია მუხთარლის გატაცების შესახებ. მოგვიანებით დადგინდა, რომ მუხთარლი ბაქოში დააპატიმრეს. ჟურნალისტის ოჯახი ამტკიცებს, რომ ის გაიტაცეს, ჩაუდეს ფული და აზერბაიჯანში ფარულად გადაიყვანეს. თბილისში მუხთარლის მეუღლე ლეილა მუსტაფაევა და მათი შვილები ცხოვრობენ.
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ წრეები, რომელბიც განზრახ ცდილობენ აღნიშნული საკითხის პოლიტიზირებას და აზერბაიჯან-საქართველოს კავშირებისთვის ზიანის მიყენებას ლამობენ, საკუთარ მიზნებს ვერასდროს მიაღწევენ.
აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის არსებული ისტორიული მეგობრობა და სტრატეგიული პარტნიორობა ემყარება საერთო ინტერესებს, ურთიერთმომგებიან თანამშრომლობასა და პატივისცემას, ერთმანეთის საშინაო საქმეებში ჩაურევლობისა და ერთი ქვეყნის ტერიტორიის მეორეს წინააღმდეგ გამოყენების დაუშვებლობის პრინციპებს, დასასრულს განაცხადა გაჯიევმა.
მანამდე საგარეო პოლიტიკური საქმიანობის ევროპულმა სამსახურმა (European External Action Service, EEAS), რომელიც ევროკავშირის დონეზე საგარეო საქმეთა სამინისტროს მოვალეობებს ასრულებს, გაავრცელა განცხადება, სადაც ავღან მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით სწრაფი, დეტალური და გამჭვირვალე გამოძიება მოითხოვა.
თავის მხრივ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ამ საქმესთან დაკავშირებით ასევე გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ შტატები "ყურადღებით დააკვირდებიან საქართველოში ჟურნალისტის სავარაუდო გატაცების ფაქტის გამოძიებას".