თბილისი, 5 ივნისი — Sputnik. თბილისიდან გაუჩინარებული და ბაქოში დაპატიმრებული ოპოზიციონერი აზერბაიჯანელი ჟურნალისტის ავღან მუხთარლის ოჯახს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაცვა დაუნიშნა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
გასულ კვირას საქართველოში გავრცელდა ინფორმაცია მუხთარლის გატაცების შესახებ. მოგვიანებით დადგინდა, რომ მუხთარლი ბაქოში დააპატიმრეს. ჟურნალისტის ოჯახი ამტკიცებს, რომ ის გაიტაცეს, ჩაუდეს ფული და აზერბაიჯანში ფარულად გადაიყვანეს. თბილისში მუხთარლის მეუღლე ლეილა მუსტაფაევა და მათი შვილები ცხოვრობენ.
ორშაბათს მუხთარლის ადვოკატმა არჩილ ჩოფიკაშვილმა საქართველოს მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძის სახელზე შეიტანა განცხადება მოთხოვნით, რომ ჟურნალისტის გაუჩინარების საქმე შსს-ს ნაცვლად პროკურატურამ გამოიძიოს. მუხთარლის ოჯახი მიიჩნევს, რომ მის გატაცებაში საქართველოს სამართალდამცველი ორგანოების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
„ყველანაირი საფუძველი არსებობს, რომ ეს საქმე გამოიძიოს პროკურატურამ. ეს ისედაც ასე უნდა მომხდარიყო ჩვენი განცხადებების გარეშე. და ის, რომ დღემდე პოლიცია იძიებს საქმეს, ეს ირიბად იმას ნიშნავს, რომ არ განიხილება ვერსია მასში პოლიციელების ან სხვა თანამდებობის პირების მონაწილეობის შესახებ, რაც დაუშვებელია. ყველა ვერსია ობიექტურად უნდა გამოიძიოს", — განაცხადა ჩოფიკაშვილმა.
საქართველოს შსს საქმეს იძიებს მუხლით „თავისუფლების უკანონო აღკვეთა". გასულ კვირას შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა სპეციალური განცხადება გააკეთა. მან კატეგორიულად უარყო მოსაზრება იმის შესახებ, რომ მუხთარლის გაუჩინარებასთან დაკავშირებული არიან სამართალდამცველი ორგანოების თანამშრომლები.
მუხთარლის საქმემ საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ დიდი რეზონანსი გამოიწვია. ქართული მასმედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა თბილისში მის მხარდასაჭერად რამდენიმე აქცია გამართეს.
ოპოზიციური პარტია „მოძრაობა თავისუფლებისათვის — ევროპული საქართველო" გამოდის ინიციატივით, პარლამენტში შსს-სა და სახელმწიფო უსაფრთხოების ხელმძღვანელები გამოცხადდნენ.
მუხთარლის დაპატიმრებას რეაქცია უცხეთშიც მოყვა. დროულ და გამჭვირვალე გამოძიებას ელოდება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი, საერთაშორისო ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრების გარეშე", ევროპის საბჭო და საგარეო პოლიტიკური საქმიანობის ევროპული სამსახური.
ინციდენტზე მწვავე რეაქცია ჰქონდა საქართველოს პარტნიორებს. საქართველოში აშშ-ის ელჩმა იან კელიმ განაცხადა, რომ დიპლომატიური მისია თვალს ადევნებს მოვლენებს და საქართველოში მყოფი აზერბაიჯანელი ოპოზიციონერების დაცვის გარანტიები უკვე მოიპოვა.
ინციდენტთან დაკავშირებით შეშფოთება საქართველოში ევროკავშირის ელჩმა იანოშ ჰერმანმა გამოთქვა. მისი თქმით, ევროკავშირი სიტუაციას აკვირდება და სრული სურათის მიღების შემდეგ შესაბამის დასკვნებს გააკეთებს.
აზერბაიჯანში მას ბრალად ედება „აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთა", „კონტრაბანდა" და „ხელისუფლების წარმომადგენლის მიმართ ძალადობა, რომელიც სიცოცხლის ან ჯანმრთელობისათვის საშიშროებას წარმოადგენს". ბრალის აღიარების შემთხვევაში, მას 15 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება.