თბილისი, 2 ივნისი — Sputnik. თბილისში გაუჩინარებული და ბაქოში დაპატიმრებული აზერბაიჯანელი ოპოზიციონერი ჟურნალისტის ავღან მუხთარლის ადვოკატმა ელჩინ სადიგოვმა ბაქოს სააპელაციო სასამართლოში მისი დაცვის ქვეშ მყოფის გათავისუფლების მოთხოვნით სარჩელი შეიტანა.
მუხთარლის ოჯახი ამტკიცებს, რომ ის თბილისში გაიტაცეს, ჩაუდეს ფული და აზერბაიჯანში ფარულად გადაიყვანეს. აზერბაიჯანში მას ბრალად ედება "აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთა", "კონტრაბანდა" და "ხელისუფლების წარმომადგენლის მიმართ ძალადობა, რომელიც სიცოცხლის ან ჯანმრთელობისათვის საშიშროებას წარმოადგენს". ბაქოს სასამართლომ მუხთარლის ოთხშაბათს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
"დიახ, ეს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში უკვე გავასაჩივრეთ. მოვითხოვთ, რომ ის დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ", — განაცხადა ელჩინ სადიგოვმა "Sputnik-საქართველოსთან" ინტერვიუში.
მუხთარლის საქმემ საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ დიდი რეზონანსი გამოიწვია. ქართული მასმედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები თბილისში მის მხარდასაჭერად პერმანენტულ აქციებს მართავენ. ისინი მოითხოვენ, დაუყოვნებლივ გამოიძიონ, თუ როგორ შეძლო პასპორტის გარეშე ადამიანმა ქვეყნის ტერიტორიის დატოვება. ჟურნალისტის მეუღლის თქმით, პასპორტი სახლშია.
ხუთშაბათს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა სპეციალური განცხადება გააკეთა. მან კატეგორიულად უარყო მოსაზრება იმის შესახებ, რომ მუხთარლის გაუჩინარებასთან დაკავშირებული არიან სამართალდამცველი ორგანოების თანამშრომლები. მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ ჯერჯერობით არ არის დადასტურებული მასმედიით გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს აზერბაიჯანელმა ჟურნალისტმა ქართულ-აზერბაიჯანული საზღვარი არაერთხელ გადაკვეთა და აზერბაიჯანში ფული გადაჰქონდა.
მასმედიით გავრცელებული ეს ინფორმაცია დაკავებულის ადვოკატმაც უარყო.
"ეს არასწორი ვერსიაა, რადგან მან აზერბაიჯანი 2015 წელს დატოვა და იცოდა, რომ აზერბაიჯანში დაბრუნებისას მას დააკავებდნენ, ამიტომ მას აზერბაიჯანში წასვლის არანაირი მიზეზი არ ჰქონია", — აღნიშნა სადიგოვმა.
ქართული ოპოზიციის წარმომდგენლებმა მომხდარზე მთელი პასუხისმგებლობა შინაგან საქმეთა მინისტრსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს დააკისრეს.
თბილისში მუხთარლის გაუჩინარების საკუთარი ვერსია ოპოზიციური პარტია "მოძრაობა თავისუფლებისათვის — ევროპული საქართველოს" წევრმა გივი თარგამაძემ ბრიფინგზე გამოთქვა.
თარგამაძე დარწმუნებულია, რომ მუხთარლის გატაცება იყო შეკვეთილი გავლენიანი აზერბაიჯანელი ბიზნესმენის მიერ, რომლის ბიზნეს-პარტნიორია უჩა მამაცაშვილი — საქართველოს ექს-პრემიერ ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილი. თარგამაძის თქმით, ამგვარად აზერბაიჯანელი ბიზნესმენი, რომლის ვინაობა არ დასახელებულა, ოპოზიციონერი ჟურნალისტის გადაცემით საკუთარი ხელმძღვანელობისთვის საჩუქრის გაკეთებას აპირებდა.
თარგამაძემ განაცხადა, რომ ჟურნალისტის გატაცების ოპერაციის საქმის კურსში იყვნენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაური და პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი.
"უჩა მამაცაშვილმა, თავის მხრივ, ვინაიდან არ სურს პარტნიორის (აზერბაიჯანელი ბიზნესმენის) შეცვლა, მისი ნდობით აღჭურვილი პირი შეახვედრა სუს-ის უფროსს ვახტანგ გომელაურს. გომელაურმა ამ შეხვედრაზე დაისწრო თავისი მოადგილე სოსო გოგაშვილი და, საბოლოო ჯამში, ამ ოპერაციის ხელმძღვანელობა ჩაბარდა სწორედ სოსო გოგაშვილს", — თქვა ბრიფინგზე თარგამაძემ.
თუ მუხთარლის აზერბაიჯანში ბრალდებულად აღიარებენ, მას 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.