თბილისი, 1 ივნისი — Sputnik. ევროპის საბჭოს კომისარმა ადამიანის უფლებების საკითხებში ნილს მუიჟნიექსმა შეშფოთება გამოთქვა თბილისიდან აზერბაიჯანელი ჟურნალისტის ავღან მუხთარლის გატაცებასთან დაკავშირებით, რომელიც მოგვიანებით აზერბაიჯანში აღმოჩნდა.
მუხთარლის გაუჩინარების შესახებ ცნობილი სამშაბათს გახდა. მოგვიანებით გამოირკვა, რომ ის თბილისიდან გაიტაცეს და ბაქოში საიდუმლოდ ჩაიყვანეს, ბრალად დასდეს საზღვრის უკანონო გადაკვეთა, კონტრაბანდა და ძალის გამოყენება ხელისუფლების წარმომადგენლების წინააღმდეგ. ბაქოს სასამართლომ მუხთარლის წინასწარი პატიმრობა უკვე მიუსაჯა.
"შეძრწუნებული ვარ იმით, რაც აზერბაიჯანელ ჟურნალისტს ავღან მუხთარლის შეემთხვა, რომელიც, გავრცელებული ინფორმაციით, მოიტაცეს და ძალის გამოყენებით ბაქოში ჩაიყვანეს. იქ მას ბრალად ედება საზღვრის უკანონო გადაკვეთა და კონტრაბანდა. ბატონი მუხთარლი საქართველოში 2015 წლიდან ცხოვრობდა, როდესაც მთავრობის მხრიდან რეპრესიების თავიდან ასაცილებლად აზერბაიჯანი დატოვა", — ნათქვამია ევროპის საბჭოს კომისრის Facebook-გვერდზე.
კომისარი მუხთარლის ადვოკატის ინფორმაციას ეყრდნობა, რომლის თანახმად, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის გადაკვეთისას მას 10 ათასი ევრო ჩაუდეს, ასევე მას სასტიკად ეპყრობოდნენ.
"ეს ძალზე სერიოზული ბრალდებაა, რომელიც საგულდაგულო ყურადღებასა და სწრაფ რეაქციას მოითხოვს საქართველოს ხელისუფლებისგან. მათ უნდა ჩაატარონ მოვლენების ეფექტური, სწრაფი და დამოუკიდებელი გამოძიება და გამოძიების შედეგებზე ზემოქმედებისთვის აუცილებელი ზომები მიიღონ", — დასძინა მუიჟნიექსმა.
ამის პარალელურად მუიჟნიექსმა აზერბაიჯანის ხელისუფლებას მოუწოდა, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ჟურნალისტი და უზრუნველყოს მისი უფლებების სრული დაცვა, მათ შორის დაცვა წამებისა და სასტიკი მოპყრობისგან.
მუხთარლის გატაცებას სერიოზული რეზონანსი ჰქონდა საქართველოში. ქართული მასმედიის წარმომადგენლებმა ხუთშაბათს მუხთარლის მხარდამჭერი აქცია მოაწყვეს და ხელისუფლებას მომხდარის გამოძიებისკენ მოუწოდეს.
საქმით დაინტერესდა ასევე საქართველოში აშშ-ის ელჩი იან კელი.
"სერიოზული ბრალდებებია. ამ ბრალდებების გამო ძალზე შეშფოთებული ვარ, ვფიქრობ, ისევე, როგორც ქართველები. ამიტომ ამ საქმეს ყურადღებით ვაკვირდებით და მეტ ინფორმაციას ველოდებით მთავრობისგან. გვესმის, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო სწავლობს გარემოებებს, მაგრამ ბრალდებები საგანგაშოა, ასე რომ, მეტი ინფორმაცია უნდა მივიღოთ. მეტს ვერაფერს ვიტყვი", — განუცხადა კელიმ ჟურნალისტებს.
მუხთარლის ადვოკატები ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში როგორც საქართველოს, ისე აზერბაიჯანის წინააღმდეგ სარჩელის შეტანას არ გამორიცხავენ.
მუხთარლის გაუჩინარების შესახებ საქმეს საქართველოს შსს იძიებს თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით, რაც ორიდან ოთხ წლამდე პატიმრობით ისჯება.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა გამორიცხა ქვეყნის სამართალდამცველი ორგანოების წარმომადგენლების მონაწილეობა ამ საქმეში.