თბილისი, 14 ივნისი — Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“ ცვლილებების ორ ვერსიას განიხილავს, რომლებიც საქართველოში ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციას ითვალისწინებენ, განუცხადა ჟურნალისტებს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა.
ნარკოპოლიტიკის შეცვლის თემა რეპ-ჯგუფ Birja Mafia-ს წევრების მიხეილ მგალობლიშვილისა და გიორგი ქებურიას ნარკოტიკების უკანონო შენახვა-შეძენის ბრალდებით დაკავების შემდეგ გააქტიურდა. ახალგაზრდების ახლობლებმა და ოჯახის წევრებმა ეს იმ ვიდეო-კლიპისთვის ანგარიშსწორებად შეაფასეს, რომელშიც რეპერები მიუღებელი ფორმით მოიხსენიებდნენ სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებს. თბილისის სააპელაციო სასამართლომ ისინი გირაოს საფუძველზე გაათავისუფლა, ხოლო პროკურატურამ პოლიციელების მხრიდან სამსახურეობრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტებასთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე აღძრა.
„ამ ეტაპზე ორი სხვადასხვა ვერსია გვაქვს. ერთ-ერთიი მარიხუანას მოხმარების შემთხვევაში საპატიმრო სასჯელის მოხსნას ეხება, მაგრამ ამას გარდა, ჩვენ, გუნდის ნაწილი ვფიქრობთ, რომ კიდევ უფრო შორს უნდა გადავდგათ ნაბიჯები, რადგანაც, დღეს არსებული რეპრესიული სისტემა არ უზრუნველყოფს ნარკოდამოკიდებული პირების შემცირებას, პირიქით, მათი რაოდენობა იზრდება იმიტომ, რომ პოლიტიკა, ჩვენი აზრით, არასწორია“, — განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
მისი თქმით, ნარკოპოლიტიკა ნარკოდამოკიდებული ადამიანების პრევენციაზე, ჯანდაცვასა და სოციალურ რეაბილიტაციაზე უნდა იყოს ორიენტირებული.
ნარკოპოლიტიკის შეცვლას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობაც“ ემხრობა.
„საქართველოში მოქმედი ნარკოპოლიტიკა არის უაღრესად რეპრესიული და, რა თქმა უნდა, მისი შეცვლა არის აუცილებელი. ბოლო პერიოდში მიმდინარე პროცესები ამას გვიდასტურებს. ნარკოპოლიტიკაში განსახორციელებელი სიახლეები უნდა იყოს ადამიანზე და პრობლემატიკაში ჩართული მოქალაქეების პრობლემების მოგვარებაზე ორიენტირებული“, - აცხადებს ენმ-ის წევრი კოტე იოსელიანი.
ნარკოპოლიტიკის გადახედვის აუცილებლობის იდეა 10 ივნისს საქართველოს პრემიერ-მინიტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გააჟღერა. ეს თბილისის ცენტრში მასშტაბური საპროტესტო აქციის შემდეგ მოხდა, რომელიც რეპერების ახლობლებმა მათი დაკავების მეორე დღეს ჩაატარეს.
როგორც კვირიკაშვილმა განაცხადა, კანონმდებლობა ნარკოპოლიტიკის თვალსაზრისით არის ზედმეტად მკაცრი და საჭიროებს ლიბერალიზაციას და პარლამენტს ამ საკითხზე მუშაობის დაჩქარებისკენ მოუწოდა.
პრემიერ-მინიტრის ინიციატივას სკეპტიკურად უყურებს ექსპერტი გია ხუხაშვილი.
„ის (კვირიკაშვილი — რედ.) იმასაც კი ვერ მიხვდა, რომ მთავარი პრობლემა არა ნარკოპოლიკა, არამედ ჩადებაა. ეს ორი სხვადასხვა პრობლემაა. ჩადება ბევრად უფრო მძიმე და სისტემური დანაშაულია, ვიდრე ამა თუ იმ ტიპის ნარკოპოლიტიკა. მაინტერესებს, ჩადებას რას უშვრებიან? რაც უნდა ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაცია მოხდეს, ნარკოტიკები მაინც აკრძალული იქნება და მათ ჩაუდებენ“, — გაზეთ „ახალი თაობისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა ხუხაშვილმა.
მოქმედ კანონმდებლობაში რა სახის ცვლილებები განხორცილდება, ჯერჯერობით უცნობია. მმართველი პარტია ცვლილებების ინიცირებას უახლოეს პერიოდში აპირებს.
რაც შეეხება რეპერების დაკავების საქმეს, შსს–ს ინფორმაციით, პოლიციამ მგალობლიშვილის პირადი ჩხრეკისას 1,5 გრამი MDMA, ხოლო ქებურიას შემთხვევაში — 2,3 გრამზე მეტი ნარკოტიკული საშუალება ამოიღო.
მიუხედავად იმისა, რომ რეპერები გაათავისუფლეს, საქმის განხილვა გაგრძელდება. სისხლის სამართლის საქმე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით), რაც 8-დან 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პარალელურად, პროკურატურაში დაკითხვები მიმდინარეობს. პროკურატურა არკვევს, ახალგაზრდებს ნარკოტიკები ჩაუდეს თუ საუბარია ნარკოდანაშაულზე.