თბილისი, 12 ივნისი — Sputnik. თბილისის სააპელაციო სასამართლომ რეპ-ჯგუფ Birja Mafia-ს წევრებს მიხეილ მგალობლიშვილსა და გიორგი ქებურიას, რომლებიც თბილისში რამდენიმე დღის წინ დააკავეს, აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა გირაოთი შეუცვალა, აცნობეს "Sputnik-საქართველოს" სასამართლოში.
მგალობლიშვილი სასამართლოს დარბაზიდან 50 000 ლარის გირაოს საფუძველზე გაათავისუფლეს, ხოლო ქებურიამ ხაზინაში 20 000 ლარი უნდა გადაიხადოს.
რეპერები ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. ახალგაზრდების ახლობლებმა და ოჯახის წევრებმა ეს იმ ვიდეოკლიპისთვის ანგარიშსწორებად შეაფასეს, რომელშიც რეპერები მიუღებელი ფორმით მოიხსენიებდნენ სამართალდამცველი ორგანოების წარმომადგენლებს. პირველი ინსტანციის სასამართლომ 9 ივნისს მათ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
ამის შემდეგ თბილისის ცენტრში Birja Mafia-ს წევრების გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა, რომელშიც რამდენიმე ათასი ადამიანი მონაწილეობდა.
ოპოზიციურმა პარტიებმა ხელისუფლებას არსებული ნარკოპოლიტიკის გადახედვისკენ მოუწოდეს. ამის შემდეგ საქართველოს პროკურატურა რეპერების დაკავების საქმის შესწავლას შეუდგა პოლიციელების მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების კუთხით.
მმართველი პარტიის განცხადებით, ნარკოპოლიტიკის შემსუბუქების მიმართულებით მუშაობა პარლამენტში უკვე დაწყებულია.