თბილისი, 11 ივნისი — Sputnik. საქართველოს პრემიერ–მინისტრმა პარლამენტს მიმართა, რათა მან დააჩქაროს ნარკოპოლიტიკის შემსუბუქების შესახებ კანონის მიღება.
ბოლო ორი დღეა, თბილისში ახალგაზრდობის საპროტესტო აქციები იმართება. ისინი აპროტესტებენ ნარკოტიკების გამო რეპ–ჯგუფის Birja Mafia წევრების, მიხეილ მგალობლიშვილისა და გიორგი ქებურიას დაკავებას. დაკავებას ახალგაზრდების ახლობლები და ოჯახის წევრები ვიდეოკლიპისთვის ანგარიშსწორებად აფასებენ, რომელშიც მიუღებელ ფორმით მოიხსენიებენ სამართალდამცალი ორგანოების წარმომადგენლებს.
აქციის მონაწილეებმა ნარკოდანაშაულისთვის სასჯელის შემსუბუქება და რეპერების გათავისუფლება მოითხოვეს. მათ ხელისუფლებას ასევე უმოქმედობაში დასდეს ბრალი.
"ფაქტია, რომ კანონმდებლობა ნარკოპოლიტიკის თვალსაზრისით არის ზედმეტად მკაცრი და საჭიროებს ლიბერალიზაციას. ამიტომ, თხოვნით მივმართავ პარლამენტს, დაჩქარდეს ამ საკითხზე მუშაობა, რათა საშემოდგომო სესიისთვის მაინც მოვასწროთ სახეცვლილი, ჰუმანური და ევროპული სტანდარტების შესაბამისი კანონის მიღება", – აღნიშნულია კვირიკაშვილის განცხადებაში მთავრობის ვებ–გვერდზე.
პრემიერმა მიმართა ახალგაზრდობას და დაარწმუნა, რომ ქვეყანაში არავინ დაზარალდება გამოხატვის თავისუფლების გამო.
"მინდა, აგრეთვე მივმართო ახალგაზრდობას — ჩვენი მთავრობის ნებისმიერი ნაბიჯი და გადაწყვეტილება არის მიმართული იმისკენ, რომ თქვენ, ჩვენი ქვეყნის მომავალს შეგიქმნათ თავისუფალი და ცივილიზებული გარემო… არც ერთი ახალგაზრდა, არც ერთი მოქალაქე ამ ქვეყანაში ჩვენი ხელისუფლების პირობებში გამოხატვის თავისუფლების გამო არ დასჯილა და არც მომავალში დგას ჩვენი საზოგადოება ამ საფრთხეების წინაშე", – აღნიშნულია განცხადებაში.
კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ პროკურატურა უკვე სწავლობს საქმის ვითარებას და პროცესი ჯერ არ დასრულებულა.
თბილისში, პარლამენტის შენობის წინ შაბათს ახალგაზრდობის საპროტესტო აქცია სახელწოდებით "ხალხთან ბრძოლა უნდა დასრულდეს" გაიმართა.
აქციის მონაწილეების მხარდაჭერა გამოხატა ბიძინა ივანიშვილის ვაჟმა, ბერა ივანიშვილმა.
"თქვენთან ვარ ბიჭებო", დაწერა ბერამ თავის Facebook–გვერდზე.
შსს–ს ინფორმაციით, პოლიციამ მგალობლიშვილის პირადი ჩხრეკისას 1,5 გრამი MDMA, ხოლო ქებურიას შემთხვევაში — 2,3 გრამზე მეტი ნარკოტიკული საშუალება ამოიღო.
სისხლის სამართლის საქმე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით), რაც 8-დან 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.