თბილისი, 13 ივნისი — Sputnik. სილამაზის საერთაშორისო კონკურსზე Miss Princess of the world საქართველოს 20 წლის მოდელი ნინო როსტიაშვილი წარადგენს, განუცხადა „Sputnik–საქართველოს" სამოდელო სტუდია „ფავორიტის" ხელმძღვანელმა მაია ზაალიშვილმა.
კონკურსი Miss Princess of the world ძირითადად ჩეხეთსა და უნგრეთში ტარდება, თუმცა ამჯერად კონკურსის ორგანიზატორებმა მისი ჩატარება საკრუიზო ლაინერ MSC Meraviglia-ზე გადაწყვიტეს. კრუიზი ბარსელონაში 29 სექტემბერს დაიწყება. მსოფლიოს 50 ქვეყნის მონაწილეები ესტუმრებიან ესპანეთს, იტალიას, საფრანგეთსა და მალტას, შემდეგ კი კვლავ ესპანეთში დაბრუნდებიან.
ნინო როსტიაშვილი პროფესიით ჟურნალისტია, თუმცა უკვე დიდი ხანია სამოდელო ბიზნესშია.
„სილამაზის საერთაშორისო კონკურსზე პირველად გამოვალ, არ ველოდი, რომ კასტინგს გავივლიდი… საერთაშორისო კონკურსებზე გამოსვლის გამოცდილება არ მაქვს და ჩემთვის ყველაფერი ახალი იქნება. თანაც, ეს კრუიზი იქნება, არც კი ვიცი, ზღვაში თავს როგორ ვიგრძნობ 10 დღის განმავლობაში. ვღელავ და მიხარია", — განაცხადა როსტიაშვილმა.
ქართველ მოდელს უამრავი სხვადასხვა კაბის წაღება მოუწევს. კონკურსანტებს მკაცრ მოთხოვნებს უყენებენ – ყოველდღე არა მხოლოდ განსაკუთრებულად უნდა გამოიყურებოდნენ, არამედ დრეს-კოდის ყველა წესი დაიცვან.
„გამოგვიგზავნეს წერილი მოთხოვნებით, რომელთა გათვალისწინება აუცილებელია, ფეხსაცმლის ფერისა და ქუსლის სიმაღლის ჩათვლით. კონკურსის პერიოდში ჩატარდება ტალანტების შოუ, სადაც ქართულ ეროვნულ ცეკვას „ილოურს" ვიცეკვებ", — აღნიშნა როსტიაშვილმა.
მაია ზაალიშვილის თქმით, ასეთი მასშტაბის კონკურსში ქართველი მოდელის მონაწილეობა დიდი გამოცდილების შეძენის და სამოდელო სფეროს სპეციალისტებთან კონტაქტების დამყარების შესაძლებლობაა.
„ეს ძალიან პრესტიჟული კონკურსია. მიუხედავად იმისა, რომ ნინო საერთაშორისო კონკურსზე პირველად წარდგება, სამოდელო სფეროში ის უკვე დიდი ხანია მოღვაწეობს და, ვფიქრობ, მის წინაშე მდგომ ამოცანას გაუმკლავდება", — აღნიშნა ზაალიშვილმა.
Miss Princess of the world — 16-დან 26 წლამდე ასაკის გოგონებს შორის სილამაზის საერთაშორისო კონკურსია. ამ კონკურსის უნიკალურობა იმაშია, რომ ის აფასებს არა მარტო მონაწილეების გარეგნულ მონაცემებს, არამედ გოგონების კომუნიკაციის უნარს და მათ ბუნებრივ შარმს.