თბილისი, 2 მაისი — Sputnik. მოდელი ანა კანკია, რომელიც ავსტრიაში სილამაზის საერთაშორისო საქველმოქმედო კონკურსზე საქართველოს წარადგენდა, საუკეთესო კონკურსანტების ხუთეულში მოხვდა და ერთდროულად ორი ტიტული მოიპოვა — Miss online და Miss photo model.
სილამაზის კონკურსი ვენაში 29 აპრილს გაიმართა. პრიზის სახით 18 წლის კანკიამ, რომელსაც ხშირად ადარებენ ცნობილ იტალიელ მსახიობ ორნელა მუტის, საბერძნეთის საგზური მიიღო.
„ეს ძალზე ემოციური დღე იყო, ერთბაშად ორი ტიტულის მფლობელი გავხდი. მაყურებელს განსაკუთრებით ჩემი ეროვნული კოსტიუმი მოეწონა, ასევე ცეკვა. ძალიან ბედნიერი ვარ და ყველას მადლობას ვუხდი მხარდაჭერისთვის", — განუცხადა „Sputnik-საქართველოს" კანკიამ.
სილამაზის კონკურსში Miss union 20 ქვეყნის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ, მათ შორის, აშშ-ის, რუსეთის, ინდონეზიის, უკრაინის, თურქეთის, აზერბაიჯანის, გერმანიის, ლიბანის და სხვა.
მთავარი ტიტული — Miss union 2017 წელს აზერბაიჯანელ სეჰერ აკბერს ერგო.
საქართველომ Miss union-ში მეორედ მიიღო მონაწილეობა. გასულ წელს კონკურსის გამარჯვებული 22 წლის ქართველი მონაწილე მაია ამაშუკელი გახდა.
სილამაზის საერთაშორისო საქველმოქმედო კონკურსი Miss union 2016 გასულ წელს პირველად ბაქოში ჩატარდა. კონკურსის ჩატარებიდან შემოსული თანხა ხმარდება ონკოლოგიური დაავადებების მქონე ადამიანებს. კონკურსის დევიზია: „სილამაზე გადაარჩენს მსოფლიოს!" ჟიური მონაწილეებს აფასებს რამდენიმე კრიტერიუმით: გარეგნობა, ეროვნული კულტურის წარმოჩინება და ინტელექტუალური უნარები.